„ტიმოთესუბნის ექსტერიერის რეაბილიტაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდა“ – კულტურის სამინისტრო
„ტიმოთესუბნის ექსტერიერის რეაბილიტაცია მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდა“, – ინფორმაციას კულტურის სამინისტროს ავრცელებს.
„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი მიტროპოლიტი დავითი-აბბა ალავერდელი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი, მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე და დარგის სპეციალისტები.
2022-2023 წლებში ტაძარში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი; მთელ სახურავზე ლორფინი გაიწმინდა ლიქენებისა და მცენარეული საფრისაგან; ლორფინებს შორის არსებული ნაკერები ამოსუფთავდა და ამოიგოზა; ტაძრის ლორფინის სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, რისთვისაც სრულად შეიფიცრა სახურავის დახრილი სიბრტყეები; შეფიცრულ სახურავზე დამაგრდა ხის ლილვები და ისინი დაიფარა მაღალი ხარისხის სპილენძის ფურცლებით (0,7 მმ), რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდა ექსპერტიზა, ტაძრის ფასადის კედლებს ჩაუტარდა ქვის კონსერვაცია, მოცილდა ცემენტის დუღაბი შუალედებში და ისინი კირდუღაბით ამოიგოზა.
მოცემულ ტაძარზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ლორფინის სახურავის გადაწყობა, ამოგოზვა, მაგრამ ტაძარში წყალი კვლავ ჩადიოდა. ამიტომ ძეგლის უკეთ დასაცავად შეირჩა მაღალი ხარისხის სპილენძის მასალა, რაც განაპირობებს ტაძრისა და მისი კედლის მხატვრობის უსაფრთხოებას დიდი ხნის განმავლობაში. ასე რომ, წყლის ჩადინების პრობლემა მოგვარებულია და ძეგლი დაცულია გარემო პირობების ზემოქმედებისაგან. სააგენტოს მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო სპილენძის ფურცლებქვეშ ისტორიული ლორფინის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ – წყლის ინფილტრაციისგან ძეგლის დაცვა.
ასევე, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა და კირდუღაბით ამოიგოზა ნაპრალები.
ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, განხორციელების დაწყებამდე, განიხილეს და მოიწონეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის სექციისა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე.
ტიმოთესუბნის XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბნის მიდამოებში მდებარეობს. ტაძარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც არქიტექტურული, ასევე – კედლის მხატვრობის თვალსაზრისით.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ტიმოთესუბნის, დასაცავად პროექტის განხორციელება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2023 წლის ბოლოს დასრულდა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.