მიხეილ სარჯველაძე: როცა ვეტო წავიკითხე, უარყოფითად გაოცებული დავრჩი, იქ ამოიკითხავთ აღიარებას, რომ კანონპროექტი სამართლებრივად სწორია
პრეზიდენტის ვეტოში არის აღიარება, რომ მომზადებული კანონპროექტი სამართლებრივად სწორია,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი თავადვე ხვდება, რომ არ შეიძლება, ცესკოს მოადგილე პარტიული სიით იყოს არჩეული.
„მოტივირებულ შენიშვნებს დიდი ინტერესით გავეცანი. მენდეთ, უარყოფითად გაოცებული დავრჩი, როცა ვეტო წავიკითხე, რადგან იქ იმის აღიარებას ამოიკითხავთ, რომ ჩვენი მომზადებული კანონპროექტი სამართლებრივად სწორია, რადგან თავად ხვდება, რომ არ შეიძლება, ცესკოს მოადგილე პარტიული სიით იყოს არჩეული. შემდეგ საუბრობს არა იმაზე, რატომ არ ეთანხმება ჩვენს ინიციატივას, არამედ მსჯელობს, რომ ადრე მიღებული ცვლილებებით უნდა დაკომპლექტდეს ცესკო. ანუ, ახალ ინიციატივას აყალიბებს. გაუმართავია ვეტო. არ ამბობს, რომ გეთანხმებითო, მაგრამ პრობლემას ხედავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს 5 მარტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, პარლამენტს უკვე წარედგინა.