თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ფოლკლორული ჯგუფის – „სამი და“ წევრებს უმასპინძლა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფოლკლორული ჯგუფის „სამი და“ წევრებს უმასპინძლა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები გააცნო.
ჯგუფი წევრებმა ისაუბრეს საკუთარ შემოქმედებაზე, საქართველოსადმი განსაკუთრებულ სიყვარულსა და კავშირზე. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
შეხვედრის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორული ჯგუფის წევრებმა, მათი მუსიკით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, კონცერტი გამართეს.
ფოლკლორული ჯგუფის წევრები თურქეთში მცხოვრები სამი ქართველი და არის, რომელთა რეპერტუარის ძირითად ნაწილს ქართული ფოლკლორული სიმღერები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაიბადნენ სტამბოლში, იზრდებოდნენ ქართული ენის, ქართული მუსიკისა და ქართული ცეკვის სიყვარულით. „სამი და“ თურქეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები არიან, რომელმაც გოგოებს შეაყვარა და შეასწავლა ქართული სიმღერები.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.