სოზარ სუბარი: ვეთანხმები შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, რომ შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია გამჭვირვალე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება
ვეთანხმები შალვა პაპუაშვიკის მოწოდებას, რომ შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია გამჭვირვალე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ ითანამშრომლებს “ენჯეოებთან“, რომლებიც “პარალელური ხმების დათვლის გაყალბებით ცდილობენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას”.
„მსოფლიოში არ არსებობს ალბათ უფრო ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვიდრე „ჰუმან რაითს ვოჩი“, ან „ემნესტი ინტერნეიშენალი“. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოვიდნენ თეთრი სახლის, ან ბუნდესტაგის, ან ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში და მთავრობის გადადგომის მოწოდებით მიტინგი გამართონ. მეორე დღესვე დამთავრდებოდა და განადგურდებოდა მათი როგორც „ენჯეოს“ სტატუსი, მათი როგორც სამოქალაქო აქტორების რეპუტაცია და ვერასდროს მიიღებდნენ დაფინანსებას. საქართველოში რა ხდება – ვხედავთ, რომ „ენჯეომ“, როგორიც არის „სამართლიანი არჩევნები“, გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, შემდეგ დააბრალა ცესკო-ს თითქოს კომისიამ გააყალბა ხმების დათვლა და პარალელური დათვლის შედეგები იყო სწორი და მათ ზუსტად იცოდნენ რას ჩადიოდნენ. ეს იყო შეგნებული გაყალბება და არ იყო შეცდომა. ამის შესახებ იცოდნენ დონორებმა, მიუხედავად ამისა, არაფერი შეცვლილა. ისევ ისე აფინანსებენ დონორები ამ „ენჯეოს“, ისევ ისე ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და შესაბამისად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ბუნებრივია, ასეთ დისკრედიტებულ „ენჯეოებთან“, რომლებიც პარალელური ხმების დათვლის გაყალბებით ცდილობენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, ვერ ვითანამშრომლებთ და მათ დაკვირვებასაც ვერ ექნება ვერანაირი ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, ჩვენც მოვუწოდებთ დონორებს, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, რომ შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას და იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება ქვეყანაში“, – აღნიშნა სუბარმა “ქრონიკის” ეთერში.