გია ვოლსკი: როცა ადამიანის უფლებების საკითხებზე მყარი პოზიცია აქვს გერმანიას, როგორ შეიძლება, სტუმრად მიიღო ის ადამიანი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებშია მხილებული
“როცა ადამიანის უფლებების საკითხებზე მყარი პოზიცია აქვს გერმანიას, როგორ შეიძლება, სტუმრად მიიღო ის ადამიანი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებშია მხილებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ყოფილ პროკურორ ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – გერმანიასაც.
“შეიძლება, გერმანია ანგარიშს უკრაინას უწევდეს და მისი დელეგაციიდან რომელიმე ადამიანის ამოშლას მოერიდა, მაგრამ საუბარი არ არის ჩვეულებრივ ადამიანზე, ლაპარაკია მწამებელსა და იმ ადამიანზე, ვინც შემოქმედი იყო სადისტური სისტემის.
ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას, არამედ თავად გერმანიას და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ავტორიტეტს აყენებს ჩრდილს, როცა ადამიანის უფლებების საკითხებზე ასეთი მყარი პოზიცია აქვს გერმანიას და ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს, როგორ შეიძლება სტუმრად მიიღო ის ადამიანი, რომელიც ადამიანების უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებშია მხილებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას დაესწრო.