რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაგაუზიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში შეხვდა.
როგორც თავად გუცულმა თქვა, რუსეთის ლიდერთან მოლდოვაში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.
„მოვახსენე მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ, რომელიც შურს იძიებს ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესებისადმი ლოიალობისთვის. კიშინიოვი ეტაპობრივად გვართმევს უფლებამოსილებებს, ზღუდავს ბიუჯეტს, არღვევს კანონიერ უფლებებს, პროვოცირებას ახდენს გაგაუზიასა და მთელს ქვეყანაში, იწვევს არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას”,- თქვა მან.
გუცულმა თქვა, რომ ავტონომიას და მის ხალხს პუტინი დახმარებას დაჰპირდა.
გუცული რუსეთში ე.წ. სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
2023 წლის ივლისში ევგენია გუცული გაგაუზიის ბაშკანის (ხელმძღვანელის) ფიცი დადო, თუმცა, ცერემონია მრავალი დარღვევით და მასში გუცულის წინამორბედის და მოლდოვის ხელისუფლების დასწრების გარეშე ჩატარდა.
გასული წლის ივნისში მოლდოვამ პარტია “შორ”-ი, რომელსაც ევგენია გუცულიც წარმოადგენდა – ანტიკონსტიტუციურად რუსეთთან თანამშრომლობის გამო გამოაცხადა.
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მთავრობის წევრად გუცულის დამტკიცების შესახებ ბრძანებისთვის ხელი დღემდე არ აქვს მოწერილი.
გაგაუზია არის მოლდოვის სამხრეთში არსებული ავტონომია, რომელიც ტრადიციულად რუსეთთან დაახლოების მომხრეა, მაშინ როდესაც კიშინიოვს ევროინტეგრაციისკენ მიმართული კურსი აქვს.
2014 წლის 2 თებერვალს ავტონომიის ხელისუფლებამ უკანონო პლებისციტი გამართა, რომლის დროსაც ამომრჩეველთა 98%-მა მხარი დაუჭირა ევრაზიის საბაჟო კავშირში ინტეგრაციას და „ავტონომიის გადადებულ სტატუსს“, რაც მას უფლებას აძლევს, გამოეყოს მოლდოვის რესპუბლიკას, თუ ის დამოუკიდებლობას დაკარგავს.
მოლდოვის ხელისუფლებამ პლებისციტი უკანონოდ გამოაცხადა და მისი შედეგები მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად, შესაბამისად, იურიდიული ძალის არმქონედ ცნო.