იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდ „UNICEF“-ის ორგანიზებით „უწყებათაშორისი კოორდინაცია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიება სიტყვით გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მაკოორდინირებელი უწყება იუსტიციის სამინისტროა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.
„იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის იმ საქმიანობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემას − არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, ეხება.
„იუნისეფთან“ ერთად ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია, ვმუშაობთ და დღეს გვაქვს გაერთიანებული შეხვედრა იმისათვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სფეროში; იმისათვის, რომ ის პრევენციული ღონისძიებები, რაც ყველა სამინისტროს მიერ სფეროების მიხედვით ტარდება, ერთ დოკუმენტში მოექცეს, გახდეს უფრო ეფექტიანი და ჩვენ, სახელმწიფომ, შევძლოთ, უკეთ ვიზრუნოთ იმ არასრულწლოვნებზე, ვისაც შეიძლება ჰქონდეს კანონთან კონფლიქტი; აღვკვეთოთ ეს, ვიდრე ისინი დანაშაულს ჩაიდენენ და აქცენტი გავაკეთოთ პრევენციაზე და არა რეპრესიაზე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ საშა გრაუმანის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის სფეროში ბევრი პოზიტიური ცვლილებაა.
„ქვეყანაში ფუნქციონირებს განრიდების პროგრამა იმ არასრულწლოვნებისთვის, ვინც პირველად ჩადის დანაშაულს. პროგრამის შედეგად 600-ზე მეტი მოზარდი განერიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საგრძნობლად შემცირდა განმეორებითი დანაშაულის რიცხვი. მიუხედავად ამისა, არის ხარვეზები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, რათა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომლის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია“, − აღნიშნა საშა გრაუმანმა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი კვინიკაძე. „სახელმწიფოში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კოორდინირება დავალებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ხოლო „იუნისეფისა“ და საქართველოს მთავრობის შეთანხმებით, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის შექმნის კოორდინირებას დანაშაულის პრევენციის ცენტრი უწევს.დღევანდელი შეხვედრა ამ სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესისთვის საფუძვლის ჩაყრა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაა“, – განცხადა კვინიკაძემ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პრევენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი კომპონენტია. პრევენციის პროგრამები ხელს უწყობს მოზარდების წარმატებულ სოციალიზაციას და ინტეგრაციას ოჯახის, თემის, თანატოლების, სკოლისა და შრომის საშუალებით. „პრევენციის პროგრამები აქცენტს აკეთებს არა სადამსჯელო ღონისძიებებზე, არამედ ხელს უწყობს და ეხმარება მოზარდის ინდივიდუალურ განვითარებას”, – აცხადებენ სამინისტროში.