კულტურის სამინისტრომ, კლასიკური და ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების, სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა  

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – ,,მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  კონკურსის მიზანია სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობა; სასცენო სამოსის აქსესუარების ან/და ფეხსაცმლის, კლასიკური ან/და ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. კონკურსის ბიუჯეტია 150 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. კონკურსანტმა უნდა წარადგინოს თავისი დამზადებული პროდუქციის ნიმუში.
„2023 წელს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს მომართა 13-მა განმცხადებელმა. გამოვლინდა ათი გამარჯვებული პროექტი, ესენია:

1) „წიკო-წიკო გარმონის დამზადების ტრადიციული მეთოდის აღდგენა – ოსტატ-შეგირდთა სახელოსნო რაჭაში (II ეტაპი)“ – პროექტის ფარგლებში დაფინანსდა სხვადასხვა დაზგა-დანადგარის, ინსტრუმენტების დასამზადებლად საჭირო ხე-მასალის შეძენა, მასალის ტრანსპორტირება და ჰონორარი (განმახორციელებელი ი. მ. თორნიკე სხიერელი);
2) „სასცენო სამოსის – მამაკაცის ჩოხის აქსესუარების დამზადება (სარტყელი, ლეკვერთხი, ჩოხის ქილები)“ – დაფინანსდა ლითონის გასადნობი და ჩამოსასხმელი დანადგარების, გამოსაწვავი ღუმლისა და სხვადასხვა ხელსაწყოს შეძენა (განმახორციელებელი – ი. მ. დავითი ჯამრიშვილი-ალევი);
3) „ხალხური საკრავების დამზადება“ – დაფინანსდა სახარატე დაზგებისა და სხვადასხვა ელექტროხელსაწყოს შეძენა (განმახორციელებელი – ფ. პ. გიორგი შაროვი);
4) „დავით ყიფიანის ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება“ – დაფინანსდა ლენტური ხერხის, ე. წ. ფუგანისა და ხის საჭრეთლების კომპლექტის შეძენა (განმახორციელებელი – ი. მ. დავით ყიფიანი);
5) „სასცენო სამოსისა და აქსესუარების სახელოსნოს განვითარების ხელშეწყობა“ – დაფინანსდა სამკერვალო სახელოსნოსთვის საჭირო საგვირისტე მანქანის, სხვადასხვა ელექტროხელსაწყოსა და ნედლეულის შეძენა (განმახორციელებელი – ფ. პ. ზურაბ შიოშვილი);
6) „ისტორიული ფეხსაცმლის მოდელები გასული საუკუნეებიდან“ – დაფინანსდა ფეხსაცმლის სახელოსნოში დასაქმებულ პირთა ჰონორარი (განმახორციელებელი – ფ. პ. ნინო მრელაშვილი);
7) „კლასიკური გიტარის ოსტატი“ – დაფინანსდა გიტარის სახელოსნოსთვის საჭირო ცხრა დაზგა-დანადგარი (განმახორციელებელი – ფ. პ. ემზარ ჭრიკიშვილი);
8) „გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო“ – დაფინანსდა სახელოსნოსთვის საჭირო ოთხი დაზგა-დანადგარის შეძენა (განმახორციელებელი – ფ. პ. გიორგი ფხალაძე);
9) „ჩქარეულების ტრადიციული ხელსაქმის სახელოსნო ყაზბეგში“ – დაფინანსდა სხვადასხვა დანიშნულების საკერავი და საქარგავი მანქანების შეძენა, აგრეთვე, სახელოსნოში დასაქმებულების ჰონორარი და სხვადასხვა აქსესუარის დასამზადებლად საჭირო მასალის შეძენა (განმახორციელებელი – შპს “ფიქალი”);
10) „მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება“ – დაფინანსდა საკრავების სახელოსნოსთვის საჭირო სამი დაზგა-დანადგარის შეძენა (განმახორციელებელი – ფ. პ. ავთანდილ მჟავანაძე).
2022 წელს სამინისტროს მომართა ექვსმა განმცხადებელმა და ექვსივე პროექტი დაფინანსდა. 2021 წელს კონკურსი პირველად გამოცხადდა და 16 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა 15 პროექტი.
მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229, ან 577 27 00 60 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu 

ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls

საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/IwM9sf3Y

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები