კულტურის სამინისტრომ, საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის 2024 წლის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი მიზანია პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ფილარმონიული და სასცენო-მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
„ამ კონკურსის ბიუჯეტი 2023 წელსაც ოყო 1 300 000 ლარი. 22 შემოსული განცხადებიდან დაფინანსდა 10 პროექტი. 2022 წელს ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენდა. სამინისტროს მიმართა 18 განმცხადებელმა, დაფინანსდა 10 პროექტი. 2021 წელს ბიუჯეტი ოყო 550 000 ლარი და შემოსული 15 განაცხადიდან დაფინანსდა ცხრა პროექტი.
კონკურსის პირობების თანახმად, მიიღება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროფესიული მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული მუსიკალური ან/და საბალეტო ხელოვნების სფეროში საქმიანობის გამოცდილება, მათ შორის, საერთაშორისო მიმართულებითაც. ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის ორგანიზატორს აქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამით, მკაფიოდ არის გამოკვეთილი შესაბამის სფეროში მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და აქვს თანადაფინანსება. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს საკონკურსო კომისია.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 202 2229 ან 599 79 10 18.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში..
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu 

ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls

საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/UwM9dtK2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები