ლევან სილაგავა – “ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივება ბაზარზე სტაბილურ მდგომარეობას აგრძელებს”

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადის 1-ელი მარტის შემდეგ გახანგრძლივება ბაზარზე სტაბილურ მდგომარეობას აგრძელებს. ამის შესახებ სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სილაგავა ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაგრძელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საიმპორტო გადასახადის დადგენილებამ ძალიან სერიოზულად იმუშავა და დღეს ბაზარზე სტაბილიზაციაა.

“ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი დარგი სტრატეგიული დარგია, რომელიც ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მარაგებზე, ფქვილის წარმოებასა და საბოლოო პროდუქტზე – პურის წარმოებაზეა მიბმული. რეალურად, ესაა დარგი, რომელიც სამი დარგის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს: მემარცვლეების, ჩვენი ფერმერების, რომლებსაც ხორბალი მოჰყავთ, წისქვილკომბინატების, რომელთაც ფქვილის წარმოება ევალებათ, პურის მწარმოებლების. დღეს ეს 3 დარგი გამართულად მუშაობს. სამივე დარგის მუშაობის წინაპირობაა ის, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დადგენილება 2023 წლის ივნისში შემოვიდა. ახლა ეს დადგენილება გაგრძელებულია. რეალურად, ამ დადგენილების მიზანი ის იყო, რომ ამ 3 დარგს გამართულად ემუშავა. შეგახსენებთ, მანამდე, 2023 წლის ივნისამდე, დაახლოებით 1, 5-2 წლის განმავლობაში წისქვილკომბინატები და ფერმერები ფქვილის იმპორტთან მიმართებით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგან მანამდე რუსეთმა ხორბალზე მცურავი ბაჟი შემოიღო. მაშინ ფქვილსა და ხორბალზე გადასახადის მხრივ არათანაბარმა პირობებმა (0 იყო ფქვილზე, ხორბალზე მცურავი ბაჟი, ხან 40 $, ხან 60 $ იყო) ის გამოიწვია, რომ იმპორტი ფქვილის სასარგებლოდ გაკეთდა. 2023 წლის ივნისის თვისთვის იქამდე მივედით, რომ რუსეთიდან ექსპორტირებული ფქვილის ყოველი მეხუთე პარტია საქართველოში შემოდიოდა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ეს რომ გაგრძელებულიყო, შეიძლება, იქამდე მივსულიყავით, რომ საბოლოოდ წისქვილკომბინატებსაც ვერ ემუშავათ, ხორბლის ჩაბარებაც ვერ მომხდარიყო. დადგენილების შემოღების მიზეზი ეს იყო. იმის შემდეგ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესების დადგენილებამ ძალიან სერიოზულად იმუშავა. დღეს ბაზარზე სტაბილიზაციაა. ამ დადგენილების გახანგრძლივება სტაბილურ მდგომარეობას აგრძელებს, მათ შორის, ფერმერებისთვის (მომავალი ივნისის თვის მოსავლის წისქვილკომბინატებისთვის ჩაბარების კუთხით), წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობისთვის, ასევე ვიცით, რომ პურის ფასიც სტაბილურია და არაფერი ემუქრება. შესაბამისად, ამან ყველა მიმართულებით დადებითად იმუშავა”, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, დღეისთვის 1 ტომარა ფქვილის ფასი, დაახლოებით, 48- 50 ლარის ფარგლებშია, რაც ძალიან სერიოზული ვარდნაა, რადგან შარშან ამ დროს ფასი 65 ლარის ფარგლებში იყო.

“დადგენილების მიხედვით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი სექტემბრის თვემდე იმოქმედებს. რატომ სექტემბერი – მთავრობამ, სავარაუდოდ, ეს დრო იმიტომ განსაზღვრა, რომ ივნისის თვეში ახალი მოსავლის აღება იწყება, სექტემბრისთვის ახალი მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია ხდება, ეს ის დროა, როცა აღება და ჩაბარება ხდება. ჩვენს პოზიციას რაც ეხება: ეს დადგენილება იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ხორბალზე მცურავი ბაჟი იარსებებს, რომელსაც ფქვილის მოსაკრებელი აბალანსებს.
რუსეთმა შარშან მთლიანად 800 000 ტონა ფქვილი გაყიდა, წელს 1 400 000-ის ორიენტირი აქვს. სწორედ ამის საპირწონედაც შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს დადგენილება სერიოზულად იმუშავებს. ყველაფერთან ერთად, რაც ამ დადგენილებამ დადებითი მოიტანა – ამ დადგენილებას ის მოაქვს, რომ წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობა სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დღეისთვის 1 ტომარა ფქვილის ფასი, დაახლოებით, 48-დან 50 ლარის ფარგლებშია, რაც ძალიან სერიოზული ვარდნაა. შარშან ამ დროს 65 ლარის ფარგლებში იყო. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ მსოფლიოში რაოდენობრივად საკმაოდ დიდი მოსავალს ველოდებით. რეგიონალურად, მათ შორის, რუსეთშიც მაღალი მოსავალია, უკრაინაში, ასე თუ ისე, ნორმალურია, ევროკავშირის ქვეყნებშიც ასევე ნორმალური მოსავალია. ამ მხრივ გამოწვევებს არ ველოდებით”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები