ლევან დავითაშვილი: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმაოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები

პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სავაჭრო პალატის წევრებს გააცნო ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, მათი განვითარების სურათი და დინამიკა, ასევე, სტრატეგიული სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტების მიმდინარეობა.

„აშშ, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ასევე ხელს შეუწყობს ამერიკის ბიზნესსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს“, – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სექტორების კუთხით, ეკონომიკური ზრდა განაპირობა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და შენახვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და სხვა სექტორებში.

„ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლებისა და ფისკალური დისციპლინის წყალობით, საქართველომ მოახერხა ფისკალური დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირება 2022 და 2023 წლებში, გადააჭარბა ადრინდელ პროგნოზებს და შესაბამისად, დაახლოებით 2,5% და 39,3%, მიაღწია. საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კოეფიციენტი მშპ-სთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებს შორის და მშპ-ს მიმართ 6-8%-ის ფარგლებში მერყეობს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პირველადი ეკონომიკური სტრატეგია მიმართულია ევროკავშირთან და აშშ-სთან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. მისი თქმით, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-საქართველოს ურყევი პარტნიორობა დღესდღეობით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

„შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტოპ 5 სავაჭრო პარტნიორებს შორისაა. კერძოდ, მას მე-4 ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვაში 10%-იანი წილით. ასევე, აშშ-ის წილი FDI-ში 9%-ს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკიდან შემოსულმა უცხოურმა ინვესტიციებმა. ჩვენ ვაპირებთ, დავუკავშირდეთ კომპანიებს შეერთებულ შტატებში, გავაცნოთ მათ საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობები. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ და გავაღრმაოთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ-ს ბიზნეს-საზოგადოებასთან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბიზნესსექტორთან რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, სადაც დიალოგისა და თანამშრომლობის რეჟიმში ხდება ხდება ეკონომიკის სფეროში არსებული სიახლეების და ტრენდების, გეგმებისა თუ პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ერთმანეთის პოზიციის გაცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები