ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია აცხადებს, რომ მას რუსეთის ქალაქ სალეხარდში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი შვილის ცხედარი აჩვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ნავალნაიამ აღნიშნა, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იცოდნენ მისი გარდაცვალების მიზეზი და ჰქონდათ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი.
მისი თქმით, ის შვილის ცხედრის სანახავად მორგში გადაიყვანეს და მისი გარდაცვალების მოწმობას ხელი მოაწერა.
ამასთან, ნავალნაია ამბობს, რომ გამომძიებლები მას ემუქრებოდნენ, რათა შვილის საიდუმლო დაკრძალვას დათანხმდებოდა.
„მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა დავკრძალოთ ალექსეი“, – განაცხადა მან.
როგორც გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის დედა აღნიშნავს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც მისი შვილის სიკვდილს იძიებს, სურს მისი ცხედარი „ფარულად დაკრძალოს, დამშვიდობების გარეშე“.
ლუდმილა ნავალნაიას თქმით, მას არ სურს „განსაკუთრებული პირობები“, არამედ უბრალოდ უნდა, რომ მის შვილს „კანონის შესაბამისად“ მოექცნენ.
„მოვითხოვ, ჩემი შვილის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.