ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრების უცხოელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს

„ბერლინალეზე“ ეროვნული კინოცენტრის დელეგაცია, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, ინტენსიურად მართავს შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამჯერად ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა შეხვედრა გამართეს ონლაინპორტალ cineruoepa.org-ის დირექტორ ვალერიო კარუზოსთან. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და cineruoepa.org-ის მეშვეობით ქართული ფილმებისა და პროექტების პოპულარიზაციის შესაძლებლობები.
დელეგაციამ შეხვედრა გამართა ევროპის აუდიოვიზუალურ მეწარმეთა ორგანიზაცია EAVE-ის წარმომადგენლებთანაც. საუბარი შეეხო ამ პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობას ქართველი პროდიუსერებისა და რეჟისორებისთვის პროექტების განვითარების ხელშემწყობი სამუშაო შეხვედრების ჩასატარებლად.
International Relations Documentary Films-ის მენეჯერმა ელისაბედ აალმომ დელეგაციის წევრებს გააცნო თავიანთი ფონდის სტრუქტურა, სამუშაო შეხვედრების გამართვისა და ერთობლივი პროდუქციის შექმნის სისტემა.
შეხვედრა გაიმართა საფრანგეთის კინოცენტრის საერთაშორისო დაპარტამენტის (CNC) წარმომადგენელ სელინ ლეკლერკსა და ევროპის და საერთაშორისო საკითხებში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიშელ პლაზანესთან. ისაუბრეს კინოცენტრის სტრუქტურის, ერთობლივი პროდუქციის დაფინანსების სისტემისა და ჟიურის დაკომპლექტების წესის შესახებ. უცხოელმა კოლეგებმა გამოხატეს მზადყოფნა, უსასყიდლოდ მიიღონ მონაწილეობა ქართული მხარის მიერ შერჩეული ფილმის რესტავრაციაში.
ფესტივალის მიმდინარეობისას ქართული დელეგაცია კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ – წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს  ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის“ მხარდაჭერით, ტრადიციულად, წარმოდგენილია საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ (EFP – European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ი.
კონკურსისთვის კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დასახელდა. მას ჯილდოს 19 თებერვალს გადასცემენ. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.
საგულისხმოა, რომ EFP-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციას აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ „ბერლინალეზე“ საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები