“მკვლელობის გარდა სხვა ვერსია არ გვაქვს” – როგორ რეაგირებენ რუსი პოლიტიკოსები ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე

რუსეთის კოლონიაში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. ასეთი ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების უწყებამ გაავრცელა, თუმცა, მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ფაქტის შესახებ არაფერია ცნობილი.

ამ დროისთვის არსებული “ოფიციალური ცნობით”, „მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, მან გონება თითქმის მაშინვე დაკარგა“.

თუმცა, ადვოკატი ლეონიდ სოლოვიოვი ამბობს, რომ პოლიტიკოსი ორი დღის წინ მოინახულა და “ყველაფერი კარგად იყო”. მედია კი 15 თებერვლის კადრებს ავრცელებს, რომელზეც ნავალნი სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ერთვება. ჩანს, რომ ის კარგად გრძნობს თავს, კარგ ხასიათზეა და ხუმრობის განწყობაც აქვს.

ალექსი ნავალნის გარდაცვალებას საზოგადოების წევრები ეხმიანებიან.

„თუ ეს სიმართლეა, მაშინ, ფორმალური მიზეზის მიუხედავად, ნაადრევ სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად ვლადიმერ პუტინს ეკისრება, რომელმაც ჯერ ალექსეის მოწამვლის უფლება მისცა და შემდეგ ციხეში ჩასვა“, – წერს მიხეილ ხადარკოვსკი.

ეკატერინა შულმანი – “ჩემი მხრიდან ეს შემიძლია, ვთქვა: გასულ სამშაბათს მოვისმინე მისი ხმის აუდიოჩანაწერი, რომელიც გაკეთდა სასამართლო სხდომაზე, რომელიც წინა დღეს, ორშაბათს გაიმართა. ეს იყო ჯანმრთელი, ენერგიული ადამიანის ხმა. როცა ადამიანს ძარღვები აქვს მოწყვეტილი, აქვს პნევმონია, გული ვერ ქაჩავს, ან ის მშიერია, ეს ხმაში იგრძნობა – დაუჯერეთ მასწავლებელს. ერთი კვირის წინ ის ჯანმრთელი და ენერგიით სავსე იყო. მკვლელობის გარდა სხვა ვერსიები არ დაგვრჩენია”.

დმიტრი გუდკოვი – “ვერ ვიჯერებ. მაგრამ თუ ყველაფერი დადასტურდა, მაშინ ალექსეის სიკვდილი -მკვლელობაა. პუტინის ორგანიზებით. მაშინაც კი, თუ ალექსეი “ბუნებრივი” მიზეზების გამო გარდაიცვალა, ისინი იყო გამოწვეული მისი მოწამვლისა და შემდგომი ციხეში წამებით. სისხლი პუტინზეა. მის მიერ ომში ასობით მოკლულთა რიცხვს კიდევ ერთი დაემატა. რა თქმა უნდა, ის არ არის ერთადერთი მკვლელი – არამედ ყველა მისი ხელის ბიჭები, ყველა ეს პატრუშევები, ბასტრიკინები და სხვა. და კიდევ ერთი საშინელი და მნიშვნელოვანი – დღეს პოლიტპატიმრებისთვის სიკვდილით დასჯის კარი გაიხსნა. შემდეგ კი – ყველასთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები