„უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ამას ხედავს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ მხარდაჭერას ხელისუფლების მიმართ.
„გადახედეთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება და ამ პირობებში, ჩვენ ეკონომიკური წინსვლაც მოვახერხეთ. ჩვენ მოვახერხეთ სოციალური პარამეტრების გაუმჯობესებაც და ერთ-ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პირობებში მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდა ქართველ ხალხთან ერთად, მაგრამ მოხდა იმის ფონზე, რომ ოპოზიციის მხრიდან, ხელის შეშლის მეტი არაფერი გაკეთებულა. ყველაფერი ეს რომ შევაჯამოთ, საზოგადოება ხედავს ამას და ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ მხარდაჭერას ხელისუფლების მიმართ. ამის პარალელურად, შეხედეთ რა ხდება ოპოზიციურ ფრონტზე – ერთი შეხედვით დაქსაქსული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ გარდაქმნილია „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ და თუ ამის საჭიროება გაჩნდა, ისევ გარდაქიმნება ჩვეულებრივ „ნაციონალურ მოძრაობად““, – განაცხადა გიორგი კახიანმა.