გიორგი კახიანი: ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს განაცხადი სრულიად რეალისტურია და შესაბამის ფაქტებს ეფუძნება
ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბუნებრივია, ეს ჩვენი განაცხადი სრულიად რეალისტურია და ეს შესაბამის ფაქტებსა და გარემოებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობს.
„ერთი შეხედვით ამბიციური განაცხადია იმ პირობებში, როდესაც სრულიად პროპორციულ სისტემაზე ვართ გადასული. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემის ფარგლებში, ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბუნებრივია, ეს ჩვენი განაცხადი სრულიად რეალისტურია და ეს შესაბამის ფაქტებსა და გარემოებებს ეფუძნება. დღეს, ჩვენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობთ საზოგადოების მხრიდან. მხარდაჭერას იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ვაწარმოებთ. საუბარია ბოლო 3-4 წლიან პერიოდზე, ანუ იმ პერიოდზე, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო და ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგა ჩვენი სახელმწიფო. უდიდესი გამოწვევების მიუხედავად, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. ამის პარალელურად, გადახედეთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება და ამ პირობებში, ჩვენ ეკონომიკური წინსვლაც მოვახერხეთ. ჩვენ მოვახერხეთ სოციალური პარამეტრების გაუმჯობესებაც და ერთ-ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პირობებში მოვახერხეთ ის, რომ დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდა ქართველ ხალხთან ერთად, მაგრამ მოხდა იმის ფონზე, რომ ოპოზიციის მხრიდან, ხელის შეშლის მეტი არაფერი გაკეთებულა. ყველაფერი ეს რომ შევაჯამოთ, საზოგადოება ხედავს ამას და ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ მხარდაჭერას ხელისუფლების მიმართ. ამის პარალელურად, შეხედეთ რა ხდება ოპოზიციურ ფრონტზე – ერთი შეხედვით დაქსაქსული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ გარდაქმნილია „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“ და თუ ამის საჭიროება გაჩნდა, ისევ გარდაიქმნება ჩვეულებრივ „ნაციონალურ მოძრაობად““, – განაცხადა გიორგი კახიანმა.