ქუთაისში, 2024 წელს, პირველ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 33 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2024 წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება – წელს ქალაქში 33 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

„გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება. პეტრიწის ქუჩის მეორე შესახვევში, გზის სავალ ნაწილზე განახლდება ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა. გზის რეაბილიტაციისთვის 1 764 999 ლარია გამოყოფილი.

რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. ცახელის და კოლხეთის ქუჩებზე მოეწყობა ნიაღვარმიმღები ჭები და ბუნებრივი ნალექის  გასატარებელი მილების სისტემა. ჯამში, ამ ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად 1,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

გასულ წელს დაიწყო და 2024 წელსაც გაგრძელდება ფასადების განახლება. მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩის #1 კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება ფასადის არსებული იერსახე, შეიცვლება კარ-ფანჯრები და აივნების არსებული საფარი, განახლდება საწვიმარი სისტემა. ჯავახიშვილის ქუჩის #1 და #2 კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია 780 982 ლარი დაჯდება.

კვლავ პრიორიტეტად რჩება ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა.

ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტომშენებლის გამზირზე, დაწყებულია სკვერისა და მდინარე ოღასკურას კალაპოტში გაბიონის მოწყობა.

სკვერში მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, საბავშვო მოედანი ხის ატრაქციონებით, ტრენაჟორების მოედანი, მსუბუქი კონსტრუქციის საჩრდილობლები, განახლდება არსებული ტროტუარი, გაკეთდება სასეირნო ბილიკები, განთავსდება ლამპიონები, საპარკე სკამები და სასმელი წყლის „სოკოები“,

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტერიტორიაზე არსებული მემორიალების რეაბილიტაციას და მიმდებარე სივრცეების კეთილმოწყობას.

სკვერის გასწვრივ, მდინარე ოღასკურაზე კეთდება ოთხიარუსიანი გაბიონი და მოაჯირი.

ამ მასშტაბური პროექტის ღირებულებაა 2 878 499 ლარი.

წელს ქუთაისს კიდევ ერთი განახლებული სპორტული დარბაზი შეემატება. ხარებავას ქუჩაზე უკვე დაწყებულია არსებული დარბაზის რეკონსტრუქცია – შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა, გათბობის, წყალგაყვანილობისა და ელექტროსისტემები, შენობას მიაშენდება კიდევ ერთი დარბაზი და აქ გაცილებით მეტი ბავშვი შეძლებს ვარჯიშს.

ქუთაისში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე, სხვადასხვა ცენტრალური პროგრამებიდან და ფონდებიდან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები