არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ უკვე ჩამოყალიბებული პარტიაა, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კონკრეტული საქმეები, ასევე გვყავს ლიდერები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს და ენდობა
„ქართული ოცნება“ უკვე ჩამოყალიბებული პარტიაა, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კონკრეტული საქმეები, ასევე გვყავს გუნდი და ლიდერები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს და ენდობა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
თალაკვაძემ ოპოზიციაზეც ისაუბრა.
„ცხვრის ქურქი ბევრი არ იყო, ვიღაცებმა ჩაიცვეს, ვიღაცებმა კი ვერ ჩაიცვეს. „ნაცმოძრაობას“ უკვე მიღებული აქვს ინსტრუქცია პატრონებისგან, რომ მათ უკვე 9-10 არჩევნები წააგეს, ამიტომ უტოპიაა მათზე ფსონის დადება, ამიტომ უნდა აიღონ ის, რაც შეუძლიათ, და იმუშაონ საკუთარ ელექტორატზე. „ლელოს“ და რადიკალურ ბანაკს პატრონებმა უთხრეს, რომ მათი მოვალეობაა, იმუშაონ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე, უნდა გახდნენ „ნაცმოძრაობაზე“ უფრო აგრესიულები, მათზე უფრო მატყუარები, მათზე უფრო უტიფარი განცხადებები აკეთონ და იმუშაონ იმ ოპოზიციურ ელექტორატზე, რომელსაც არ მოსწონს „ნაცმოძრაობა“.
არის კიდევ ერთი სპეციალური დავალება, რომელიც აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს – ეს არის „ქართული ოცნების“ ელექტორატში გაურკვევლობის შეტანა. ისინი აგრძელებენ ამ ტაქტიკას, იმიტომ სხვაგან უბრალოდ არ ეგულებათ არავითარი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ელექტორატი მოიპოვონ, ამიტომ მუშაობენ იმ ადამიანებზე, რომელთა მოტყუებისა და დაბნევის იმედი ჯერ აქვთ. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველას, რომ ეს ვერ მოხდება. ვერ მოატყუებთ საზოგადოებას: შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო საზოგადოების დიდი ნაწილი, შეიძლება დიდი ხნით მოატყუო მცირე ნაწილი, მაგრამ ეს ორივე ვადა უკვე გასულია. „ქართული ოცნება“ უკვე ჩამოყალიბებული პარტიაა, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კონკრეტული საქმეები, ასევე გვყავს გუნდი და ლიდერები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს და ენდობა. რაც მთავარია, გვაქვს პროგრამა და სამომავლო ხედვა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.