რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, მოხდა აღიარება, რომ ზურაბიშვილი არის პარტიული პიროვნება, რაც წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობასთან
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
იონათამიშვილის თქმით, ფაქტობრივად, მოხდა აღიარება, რომ ზურაბიშვილი არის პარტიული პიროვნება, რაც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობასთან წინააღმდეგობაშია.
“ფაქტობრივად, რომან გოცირიძემ გაიმეორა ის, რაზეც ჩვენ მივუთითებდით. ანგარიშგასაწევი არის შემდეგი გარემოებები, რომ ერთი – ზურაბიშვილი ხომ ვიცით, რომ არის კონსტიტუციის დამრღვევი და ახლა, ფაქტობრივად, მოხდა აღიარება, რომ ის არის პარტიული პიროვნება და პერსონა, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობასთან. ეს არის მათი გეგმის ნაწილი, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვინმეს ან რაიმეს ლოკომოტივი ან ლიდერი იქნება – ძალიან კარგი, ეგონოთ ასე, ეს კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს იმ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც იმსახურებს, რომ ძალიან მკაცრი შეფასება მიიღოს ჩვენი საზოგადოების მხრიდან”, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ირიბად ოპოზიციის ინტერესებში შედის.