გიორგი კახიანი: სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები უკვე აღარ მიკვირს
“სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს. სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გიორგი კახიანი მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიუნხენის კონფერენციაზე დაგეგმილ ვიზიტს.
მისივე თქმით, ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები მთავრობის ხედვასთან წინააღმდეგობაშია.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებითაც კი მან უკვე ჩაიდინა არაკონსტიტუციური ქმედებები და ამას აგრძელებს. ის, რომ მას არ ექნება თანხმობა მთავრობის მხრიდან, არც არის გასაკვირი იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ხედვასთან. როდესაც ქალბატონი სალომე სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ტრიბუნიდან საუბრობდა, მე წარმოდგენა მქონდა, რომ ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელი საუბრობდა იმიტომ, რომ სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და ერთი ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. მე არ მიკვირს მისი ასეთი ქმედებები, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში“, – განაცხადა კახიანმა.