პეტერ ფიშერი: გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ცხრა პუნქტი
“გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ცხრა პუნქტი რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ – ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან კარგია.
“ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს რაც შეიძლება შეუფერხებლად და რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, წელს დეკემბერში ევროპის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 27 სახელმწიფოს მთავრობები და მეთაურები გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯს. გასულ წელს ეს ნაბიჯი იყო კანდიდატის სტატუსი. წელს ეს ნაბიჯი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. კომისიამ ჩამოაყალიბა ცხრა პუნქტი საქართველოსთვის, ამიტომ გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ეს ცხრა პუნქტის რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ, რადგან წლევანდელი გრაფიკი ძალიან შეზღუდულია. საქართველოში ჩატარდება არჩევნები, ასევე, ევროპარლამენტშიც დაგეგმილია არჩევნები, ამიტომ, ზაფხულის შემდეგ ძალიან ბევრი სხვა საქმე იქნება. ეცადეთ, მაქსიმალურად სწრაფად, ზაფხულამდე შეასრულოთ ცხრა პუნქტი. შემდეგ დეკემბერში კი ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება, რათა საქართველო სწრაფად და შეუფერხებლად გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან კარგია, თქვენ ხართ კანდიდატი ქვეყანა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არის გაურკვეველი, როგორ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი, ცხრა პუნქტი ჩამოყალიბებულია, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ამ პროგრესის მიღწევაში”, – განაცხადა ელჩმა.