ეროვნული ბანკი: დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 42.4%-ით დაიკლო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 42.4%-ით დაიკლო და 308.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც სებ-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.6%-ით 34.0 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„დეკემბერში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 78%-ით, 71 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით, 34.7%- ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 15.0%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. დეკემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 77.5%-ით და 11.2%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები წინა წლის მინიმალურ დონესთან შედარებით გაზრდილია. დეკემბერში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები 40.7%-ით, რუსეთი – 22.9%-ით და აშშ – 15.0%-ით წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები