“ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს” – უკრაინის საელჩო სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა
საქართველოში უკრაინის საელჩო სუს-ის მიერ 5 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უწყების კონტრტერორისტულმა ცენტრმა “რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო”.
უწყების ინფორმაციითვე, დადგინდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, 19 იანვარს საქართველოში „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს და შემდგომ, „დარიალის“ გამშვები პუნქტის გავლით, მათი შეტანა რუსეთში, კერძოდ კი, ქალაქ ვორონეჟში იგეგმებოდა.
უკრაინის საელჩოს კომენტარში კი ნათქვამია, რომ დიპლომატიური მისია “ამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით”.