“მომავალი თუ დღეს წყდება, ამაში არმონაწილეობა დანაშაულია” – სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე
“მივმართავ საზოგადოებას, მიზნის მიღწევაში თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე უცნაურია, რატომ უნდა ვრცელდებოდეს ან ვიღაც ცდილობდეს, გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, არავის აქვს უფლება, მიჰყვეს ინერციას ან მიეცეს უმოქმედობას არჩევნების დროს.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას თუ მივეცეთ უმოქმედობას, ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მოვალეობაა, აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. მომავალი თუ დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.