იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მალე მოქალაქეებისთვის ე.წ. გონიერი კონტრაქტების სისტემა ამოქმედდება.
ბრეგაძის თქმით, აღნიშნული სისტემა ბინის გაყიდვის დროს სამართლებრივ ურთიერთობას მოაწესრიგებს და აღმოფხვრის მოქალაქის პრობლემას, ჯერ ტრანზაქცია უნდა მოხდეს, თუ – თანხა გადაირიცხოს.
“ამოქმედდება ე.წ. გონიერი კონტრაქტი, რის შედეგადაც მომხმარებელი როგორც ადგილზე, ისე დისტანციურად, ერთდროულად დაარეგისტრირებს ქონებას და გადარიცხავს თანხას ტრანზაქციით. ამით, მოქალაქეების კარგად ნაცნობი პრობლემა, როგორიცაა მაგალითად ბინის ნასყიდობის გაფორმების დროს დილემა, ჯერ გადარიცხოს თანხა, თუ ჯერ გაფორმდეს კონტაქტი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება”, – თქვა ბრეგაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.
“დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელის საქართველოს მასშტაბით და მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ გაირკვევა, იქნება ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რის შედეგადაც, დღეს არსებული პრობლემები რაც დაახლოებით მილიონ ჰექტარზე არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება”, – დასძინა მან.