“ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის შეზღუდვის გზას დაადგა” – ფსოუზე რუსების მიერ აფხაზების დისკომფორტი გრძელდება
ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივი პროტესტი სულ უფრო ღრმავდება იმ დაკავებებთან და გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთთან ე.წ.საზღვარზე გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიმართ მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე საათიანი გამოკითხვა, იანვრის ბოლოდან დაიწყო და დარწმუნებული არიან, რომ ამ ყველაფრის უკან ე.წ. მთავრობა და პირადად, დეფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დგას.
როგორც ორგანიზაცია “აპსახარა”-ს დირექტორმა, ლევან მიქავამ პრესკონფერენციაზე თქვა, რუსები “აფხაზეთის მოქალაქეებს” ეკითხებიან მათი “სამოქალაქო და პოლიტიკური პოზიციის შესახებ”, რაც ნიშნავს იმას, რომ ბჟანიას ხელშეწყობით, ე.წ. რესპუბლიკას, შესაძლოა, “დამოუკიდებლობა შეეზღუდოს”.
მიქავა, რომელიც უკვე ორჯერ არის ასეთი გზით დაკავებული და გამოკითხული, ამბობს, რომ საუბრები, საშუალოდ, სამ საათს გაგრძელდა.
„მე მქონდა შესაძლებლობა გამომეთქვა ჩემი აზრი, ამეხსნა რუსებისთვის რა გვამოძრავებს, როდესაც საბინაო საკითხს ვეწინააღმდეგებით. მოვუყევი “აფხაზურენსტროის” შესახებ, იმაზე, რომ მიზანმიმართულად აფხაზების რაოდენობა 80%-დან 17%-მდე შეამცირეს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნების შესახებ მოვუყევი. ავუხსენი, რომ ნებისმიერი ხალხის უფლებაა ჰქონდეთ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ეკონომიკა, კულტურა, ენა, ტრადიციები“, – თქვა მიქავამ.
მისივე თქმით, რუსებს არ დაუმალავთ, რომ დაკავებები დეფაქტო პრეზიდენტის და აფხაზეთის სხვა ე.წ. სტრუქტურების რეკომენდაციებთან დაკავშირებით განხორციელდა.
„საქმე იმაშია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ჩვენს საქმიანობას მათ წარუდგენს, როგორც ანტირუსულს. და ეს არის ჩვენი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის პოზიცია, რომელიც აფხაზეთის ინტერესების გაძლიერების ნაცვლად, იმ პირთა სიებს გადასცემს, რომლებზეც ზეწოლის განხორციელებაა საჭირო და ამას მხოლოდ ანტიაფხაზურ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას თუ უწოდებ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივი, დივერსიული საქმიანობა“, – ამბობს ლევან მიქავა.
მისი თქმით ბჟანიას საქმიანობა არის “ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა”.
„როდესაც ასლან ბჟანია ლობირებს ოლიგარქების და მსხვილი უცხოური ბიზნესის ინტერესებს, ის, უპირველეს ყოვლისა, პირად ინტერესებს ატარებს. პრეზიდენტის პოლიტიკა იწვევს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციას. ეს უზარმაზარ ზიანს აყენებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა მან და ყველა “საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალას” გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ლევან მიქავა ამბობს, რომ “ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობის შეზღუდვის გზას დაადგა და ამიტომ დაიწყო ფართო კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ხელისუფლების ეს ანტიაფხაზური აქტივობა უნდა შეწყდეს“.