როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხებს – სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები

ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ახალმა მთავრობამ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება დაასახელა. მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო პროექტები, რომლებიც აგრარულ სფეროში როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების, მეწარმეების წახალისებასა და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს.
“კვირა“ დაინტერესდა, თუ რა სახით და რა ფორმით სთავაზობს დახმარებას სახელმწიფო ქართველ გლეხს, მცირემიწიან ფერმერს, რომელსაც მიწის დამუშავება სურს, თუმცა არ აქვს შესაბამისი ფინანსური სახსრები და გარანტიები. ქართველი გლეხის დასახმარებლად სახელმწიფო უკვე მეორე წელია აფინანსებს მიწის საგაზაფხულო სამუშაოებს.10705059_297575330448657_633184794_n
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ ითვალისწინებს სოფლად მაცხოვრებელთა ხელშეწყობას მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოყალიბების მიზნით. 2013 წლის საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში 710,479 ბენეფიციარმა (ფერმერმა) მიიღო 195,551,811 ლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო ბარათი (კომბინირებული ბარათი – ნიადაგის ხვნის და დადისკვის სამუშაოებისთვის; ნომინალური ბარათი – სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად). სასოფლო-სამეურნეო საქონლის მომწოდებლების და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიების მიერ, ჯამში, განაღდებულია 190,120,332 ლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო ბარათი, საიდანაც 166,061,203 ლარი მოდის ნომინალურ, ხოლო 24,059,129 ლარი – ნიადაგის ხვნისა და დადისკვის სასოფლო–სამეურნეო ბარათებზე. რაც შეეხება 2014 წელს, მიმდინარე წლის საგაზაფხულო პროექტის ბენეფიციარები გახდნენ ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომლებსაც ისინი იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს. 2014 წელს გადაწყდა, რომ ბენეფიციარებმა პროექტის ფარგლებში სარგებელი მიიღონ ორი გზით: ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღონ სასოფლო–სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად მათ დაურიგდეთ საბანკო ბარათი, ე.წ. „აგრო ბარათი“. მცირემიწიანი ფერმერების სიების დაზუსტებას და კორექტირებას, სოფლის რწმუნებულები უზრუნველყოფენ , აგრეთვე უზრუნველყოფენ ფერმერებში ინფორმაციის გავრცელებას „აგრო ბარათის“ აღების წესების შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს პერსონალური სასოფლო–სამეურნეო ბარათების დაბეჭდვას და მათ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის გადაცემას, შემდგომში მათი პროექტის ბენეფიციარებისათვის დარიგების მიზნით. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და 2013 წლის 27 მარტიდან ხორციელდება, ეს არის “შეღავათიანი აგროკრედიტი“. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგროკრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ კომპონენტებისგან შედგება. პირველი კომპონენტით გათვალისწინებულია ფერმერებისთვის 5 000 ლარამდე ღირებულების სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქციაზე უპროცენტო სასაქონლო განვადების შეთავაზება. ფერმერი სასურველ დროს იღებს პროდუქციას და იმავე ღირებულებას იხდის მოსავლის აღების შემდგომ, განსაზღვრულ პერიოდში. თუ კიდევ რომელი კომპონენტში შემავალი პირობებით შეუძლიათ გლეხებს და მცირემიწიან ფერმერებს სარგებლობა, ამის შესახებ “კვირა“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერს ირაკლი მოისწრაფიშვილს ესაუბრა. მოისწრაფიშვილი ასეთად მეორე კომპონენტს ასახელებს და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთავაზებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა და ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა). „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ და მასში შემავალი კომპონენტები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზეა გათვლილი. წვრილი და საშუალო ფერმერების მოთხოვნებს მეორე კომპონენტი პასუხობს. აგროკრედიტის აღება ფიზიკური პირსაც შეუძლია შეუძლია. ამ კომპონენტით, ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი სესხების ჯამური თანხა 5 000 ლარიდან 100 000 ლარამდე განისაზღვრება, ამავე დროს, ერთი სესხის ოდენობა არ უნდა იყოს 5 000 ლარზე ნაკლები, ხოლო გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. მაგალითად, ფერმერს სურს სასათბურე მეურნეობის გაკეთება. მას შეუძლია აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გამოიტანოს სესხი და გააკეთოს იმ ფართობის სასათბურე მეურნეობა, რამდენის საშუალებასაც მიწის ნაკვეთი აძლევს. რა თქმა უნდა, მან კრედიტის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს პროექტში მონაწილე ბანკის მიერ წაყენებული პირობები. პრაქტიკამ ცხადყო, რომ გლეხების და მცირემიწიანი ფერმერების დაინტერესება ძალიან დიდია “შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიმართ“ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ „ცხელ ხაზზე“ _ 2 47 01 01. ჩვენი ოპერატორები ამ და სხვა პროექტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებენ“, -აცხადებს ირაკლი მოისწრაფიშვილი. 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიაზრებს მთავრობის მიერ სუბსიდირებას გარკვეული პირობების გათვალისწინებით. საუბარია აგროდაზღვევის სისტემის შემოღებაზე, რომელიც ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში იწარმოება და რომელზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. აგროდაზღვევის პროგრამა არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო – სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით (სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა) მზღვეველს, დამზღვევს/მოსარგებლეს და სააგენტოს შორის. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა გამოთქვეს. პირველ სექტემბერს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს: „ჯიპიაი ჰოლდინგს“, „ალდაგს“, „აი სი ჯგუფს“, „ირაოსა“ და „ქართუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი – 95%-მდე. ამ თანადაფინანსებისას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი. პროექტში ჩართული იქნება ყველა სადაზღვევო კომპანია, ვისაც სურვილი ექნება და გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. აგროდაზღვევის კოორდინატორი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იქნება. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროექტი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა და მომავალი წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.

10694973_297575293781994_1866808808_n

10694999_297575300448660_336431065_n

10699242_297575310448659_159925837_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები