სრულფასოვანი ცხოვრება ტვინის გარეშე – ფრანგი მამაკაცის ფენომენალური შემთხვევა
შეუძლია თუ არა ადამიანს ტვინის გარეშე ცხოვრება? ამ კითხვაზე ყველა უარყოფითად უპასუხებს, მაგრამ არასწორი იქნება. საფრანგეთში იპოვეს ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უტვინო ცხოვრობს, მას ტვინის 90 პროცენტი აკლია. ანომალია სამედიცინო შემოწმების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს. უცნაურია, მაგრამ უჩვეულო პაციენტი ექიმებს თავის ტკივილს საერთოდ არ უჩიოდა. თავის ქალაში ნაცრისფერი ნივთიერების არარსებობა მას საერთოდ არ აწუხებდა.
მატიე რ. იყო ჩვეულებრივი საჯარო მოხელე, მარტივი მოვალეობებით და მოკრძალებული ხელფასით. დაქორწინებული იყო, ჰყავდა ორი შვილი და უყვარდა ფეხბურთის ყურება. 2007 წელს, 44 წლის ასაკში მამაკაცს ფეხების ტკივილი დაეწყო. მატიე რამდენიმე ექიმს ესტუმრა, მაგრამ ვერცერთმა ვერ იპოვა მისი ტანჯვის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, ექიმებმა გადაწყვიტეს, მამაკაცის სრული გამოკვლევა ჩაეტარებინათ და შედეგებმა ისინი შოკში ჩააგდო.
ფეხების ტკივილი მაშინვე დავიწყებას მიეცა, რადგან მოულოდნელად გაირკვა, რომ ფაქტობრივად პაციენტის „თავი ცარიელი იყო“. MRT სკანირებამ აჩვენა, რომ მატიუს თავის ქალა თითქმის მთლიანად იყო სავსე სითხით. ტვინიდან მხოლოდ თხელი გარსი დარჩა. ბუნების ყველა კანონის მიხედვით, ასეთ ადამიანს არ შეეძლო ეცხოვრა, მით უმეტეს, სახელმწიფო დაწესებულებაში ემუშავა, შვილები გაეზარდა და მანქანას ემართა. ფენომენალურ მამაკაცს IQ 75 ჰქონდა, რაც არ არის ბევრი, მაგრამ ნორმალურ დიაპაზონშია. პაციენტი არასოდეს უჩიოდა თავის პრობლემებს. დიდი ალბათობით, რომ არა ფეხების ტკივილი, მატიე მთელი ცხოვრება იცხოვრებდა ისე, რომ არ სცოდნოდა, რა უნიკალური ადამიანია. სპეციალისტებმა ფრანგი მამაკაცის შესწავლა დაიწყეს და მისი ავადმყოფობის მიზეზი აღმოაჩინეს. მისი ტვინი 30 წლის განმავლობაში ნელ-ნელა პატარავდებოდა და მისი ადგილი სითხემ დაიკავა. ამ პროცესს ტვინის ჰიდროცეფალია ეწოდება.
მატეუს ადრეულ ბავშვობაში ჰიდროცეფალია დაემართა. 14 წლამდე ის თავის ქალაში სპეციალური შუნტით დადიოდა, რომლის მეშვეობითაც სითხის გადინება შეიძლებოდა. შემდეგ მოწყობილობა ამოიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ ბიჭმა გადალახა დაავადება და გამოჯანმრთელდა. მაგრამ დაავადება ფარულად მიმდინარეობდა. თავის ქალაში სითხე დაგროვდა და ტვინი თანდათან დაინგრა. მაგრამ 30 წლის განმავლობაში ამან არ იმოქმედა მამაკაცის კეთილდღეობაზე.