“ქვეყანაში ათასობით ბავშვია აუცრელი, უზარმაზარი რისკია იმისა, რომ წითელას შემთხვევების მკვეთრი მატება ჩვენც გვექნება” – ივანე ჩხაიძე

“ქვეყანაში ათასობით ბავშვია აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, წითელას შემთხვევების მატებას გამოიწვევს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წითელასგან დაცულია ის ადამიანი, რომელსაც ვაქცინაცია 2-ჯერ აქვს ჩატარებული  ან ნამდვილად იცის, რომ წითელა გადაიტანა, ყველა სხვა შემთხვევაში ვაქცინაციის გაკეთებაა საჭირო.

“ევროპაში არსებული სიტუაციით დავიწყებ: იცით, რომ საქართველო ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით ევროპის რეგიონს მიეკუთვნება. ევროპაში კატასტროფული სიტუაცია გვაქვს. ეს ჩვენი ტერმინი არ არის, მდგომარეობას ასე აფასებენ. თუ 2022 წელს შევადარებთ, წითელას შემთხვევების რაოდენობა 42-ჯერაა მომატებული. რიცხვებს გეტყვით: 2022 წელს 941 შემთხვევა იყო, 2023 წელს კი – 42 000. ჯანმოს კლასიფიკაციით, ევროპის 40 ქვეყანაში შემთხვევების მკვეთრი მატებაა დაფიქსირებული. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა, მეზობელ აზერბაიჯანში სერიოზული აფეთქებაა. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მხოლოდ ბავშვებს არ ეხებათ.
საქართველოში 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში წითელას სულ 26 შემთხვევა გვქონდა. 2024 წლის იანვარში 16 შემთხვევა გვაქვს. თუ წლის ჭრილში შევხედავთ, იანვარში შემთხვევებმა მოიმატა, ამ 16-დან 14 თბილისშია, უმრავლესობა 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაშია. მოიმატებს თუ არა შემთხვევები ? ვაქცინაციის რიცხვებს გეტყვით: ევროპაში ვაქცინაციის მოცვის 1 %-ით, 96-დან 95 %-მდე შემცირებამ 1,8 მილიონი ბავშვი ვაქცინაციის გარეშე დატოვა. ეს დიდი რიცხვია. საქართველოში ასეთი მაჩვენებლებია: პანდემიამდე ქვეყანა ევროპაში საუკეთესო იყო. 1 წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 100 % იყო. წითელას ვაქცინა ორჯერადად კეთდება. 1 და 5 წლის ასაკში. სრულ იმუნიტეტს 5 წლის ასაკში ჩატარებული მეორე ვაქცინა გვაძლევს. 2019 წელს 5 წლის ასაკში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა 97 %-ს ჰქონდა გაკეთებული. ახლანდელი რიცხვები ასეთია: 100 % 95 %-მდე ჩამოვიდა, 5 წლის ასაკში 97 % კი 88 %-მდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კლებაა. ერთი პლუსი, რაც შეიძლება, ითქვას: 2021 წელს ეს მაჩვენებელი 81 % იყო, გარკვეულწილად, ეს რიცხვი გამოსწორდა. მაგრამ ეს 88 % ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ათასობით ბავშვია აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, წითელას შემთხვევების მატებას გამოიწვევს. 88 % არის უზარმაზარი რისკი იმისა, რომ წითელას შემთხვევების მკვეთრი მატება ჩვენც გვექნება.
წითელას ვაქცინას ვადები არ გააჩნია, შეგიძლიათ, ეს ვაქცინა ბავშვს გაუკეთოთ 5 წლის ასაკშიც, 6, 7 წლის ასაკშიც. თუ ვაქცინა 2020- 2021 წლებში ვერ გააკეთეთ იმიტომ, რომ პანდემია იყო, ბავშვი ვაქცინაციის კაბინეტში დღესვე უნდა მიიყვანოთ. ეს ასევე არაპედიატრიულ მოსახლეობას ეხება. განსაკუთრებით  1978 წლის შემდეგ დაბადებულებს, აქ ინფიცირების მაჩვენებელი მეტია, ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტარონ. თუ არ გახსოვთ, ვერ ადასტურებთ, არ გაქვთ ვაქცინაციის ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ვაქცინა ნამდვილად გაქვთ ჩატარებული, ვაქცინაცია აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ.
ახლა წითელასგან დაცულია ის ადამიანი, რომელსაც ვაქცინაცია 2-ჯერ აქვს ჩატარებული, ან ნამდვილად იცის, რომ წითელა გადაიტანა. ყველა სხვა შემთხვევაში ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ იმიტომ, რომ არ შეიძლება, საქართველო იყოს გამორჩეული, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ევროპაში იყოს წითელას შემთხვევების მკვეთრი მატება და საქართველოში არა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, გადაცემისა და გართულებების თვალსაზრისით წითელა ძალიან საშიში და სახიფათო დაავადებაა.

“წითელა არის უნიკალური დაავადება. ის გადამდებია 4 დღით ადრე, სანამ სიმპტომები გამოჩნდება. გადამდებლობა ყველაზე მაღალი აქვს ყველა ვირუსს შორის, რომელიც ვიცით. 15-ჯერ- 16-ჯერ მეტად გადამდებია, ვიდრე გრიპის ვირუსი. ძალიან საშიში და სახიფათო დაავადებაა, პირველ ყოვლისა, გადაცემის თვალსაზრისით და მეორე – წითელა სხვა ვირუსებს შორის გართულებების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, გართულება დაკავშირებულია თავის ტვინის, გულის, მხედველობის დაზიანებასთან, ლეტალურ შემთხვევებთანაც. განვითარებულ ქვეყნებში 1000 შემთხვევიდან 1 ლეტალურად მთავრდება. ეს არ არის დაავადება, რომელსაც მარტო გამონაყარი ახასიათებს. რეალური რისკი, რომ ჩვენ შეიძლება, ქვეყანაში წითელას აფეთქება გვქონდეს, ისევე – როგორც ევროპაში, ყველამ გაითვალისწინოს. თუ ვაქცინის პირველ დოზაზე ანაფილაქსიური რეაქცია არ გქონიათ, აუცილებლად მიმართეთ მეორე დოზაზე, არანაირი სხვა დაბრკოლება ბავშვებში არ გვაქვს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები