გურამ გურამიშვილმა მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პროცესში საქართველოს, როგორც საკვანძო მონაწილის შესახებ ისაუბრა
„საქართველო იდეალურადაა განლაგებული აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი როლის შესასრულებლად, რაც უზრუნველყოფს წვდომას საკვანძო ბაზრებზე არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის, არამედ ჩინეთისა და ევროკავშირისთვისაც. შუა დერეფნის შემდგომი განვითარება, როგორც ევროპა-აზიის მიმოსვლის მოკლე, საიმედო და მიმზიდველი ვარიანტი, ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
გურამ გურამიშვილი ფორუმის ფარგლებში დღეს ჩატარებული თემატური სესიის „სამხრეთ კავკასია და თურქეთი: ძლიერი დამაკავშირებელი ხაზი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის“ ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. თავის გამოსვლაში მან ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობასა და ამ პროცესში საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ საკვანძო მონაწილის შესახებ ისაუბრა. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საზღვაო ტრანსპორტის დარგის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზე.
„ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საქონლის უმეტესი ნაწილი საზღვაო ტრანსპორტით ხდება, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით 80-85%-ს შეადგენს. მისი თუნდაც მცირე ნაწილის შუა დერეფანში გადამისამართება ხელშესახებ გავლენას მოახდენს. ეს მოითხოვს კოორდინირებულ ზომებს მთელ დერეფანში შესაბამისი შესაძლებლობებისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკა უკვე არსებობს და მასში ჩამოთვლილია 2027 წლამდე განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები“, – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
თავის გამოსვლაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ტრანსევროპული ევროპული ქსელის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქმნის საფუძველს ბაზრის შემდგომი გაფართოებისთვის.
მისი თქმით, ეს გულისხმობს საჭირო ინვესტიციების მობილიზებას ინფრასტრუქტურის განახლებისა და ევროპულ სატრანსპორტო სისტემასთან თავსებადობისა და ინტეგრაციის გაზრდისთვის.
ამასთან, გურამ გურამიშვილმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. მისი ინფორმაციით, რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულება იგეგმება 2024 წელს, მთავარი სარკინიგზო ხაზის წლიური გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის 260 კმ-ზე მეტი უკვე აშენებულია, სრულად დასრულების შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიის გავლით მგზავრობის დრო განახევრდება; დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის დარჩენილი სამუშაოები.
გურამი გურამიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ევროპა-აზიის დაკავშირებადობის კუთხით შავი ზღვის როლსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე. „2023 წელს საქართველოს საერთაშორისო ტრაფიკის მოცულობამ 27,2 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო საქართველოს საზღვაო პორტებით გადატანილი კონტეინერების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 700 ათას TEU-ზე მეტი (2022 წელთან შედარებით 47%-იანი ზრდა). რამდენადაც ტვირთბრუნვის ზრდა გრძელდება, საინვესტიციო მოთხოვნილებები გაცილებით დიდია, ვიდრე საჯარო რესურსების დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ჩვენი სატრანსპორტო ქსელების და შესაძლებლობების განვითარების დაჩქარებაში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გურამ გურამიშვილმა ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზადყოფნა რეგიონული სატრანსპორტო კავშირის ხელშეწყობისა და უფრო ძლიერი ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.