სოზარ სუბარი: არ მოისვენებს „ნაცმოძრაობა“ და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მართლა მათი გასამართლება არ მოხდება
„ბევრი მიზეზის გამო, დღეს უკვე დადგა დრო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე იყოს გამოძიებული. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ არ მოისვენებს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ მოასვენებს ამ ქვეყანას, სანამ მართლა მათი გასამართლება არ მოხდება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
სუბარი საუბრობს სხვა მიზეზებზეც, რომელთა გამოც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმე უნდა იყოს გამოძიებული.
“მეორე მიზეზია, თუ ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, არ ვიქნებით მართლები არც საქართველოს მოსახლეობის წინაშე, არც ჩვენი დევნილების, არც ჩვენი ქვეყნის ისტორიის და არც იმ გარდაცვლილი გმირების სულების წინაშე, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოსთვის და არც რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მოკლული საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების სულის წინაშე, რომლებიც ამ სისხლიან ომს შეეწირნენ. მესამე და მთავარი მიზეზი, რომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, არის ის, რომ ვხედავთ, მსოფლიოში ესკალაცია უფრო და უფრო მეტად იზრდება. თუ ვერავინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ, რომ უკრაინის ომი შეიძლებოდა 2024 წელში გადასულიყო, ახლა ვერავინ ამბობს როდის დასრულდება. ისრაელი უკვე ღიად ამბობს, რომ მოხდება თავდასხმები ჰესბოლასა და ლიბანის წინააღმდეგ. რაღაცნაირად ფართოვდება კონფლიქტების არეალი და შესაბამისად, საფრთხე, რომ საქართველოს ჩართვა მოხდეს ომში, არ შემცირებულა. ამას შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ და უცხო ქვეყნების სხვა აგენტურა, ასევე, გარედან ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არაერთხელ აჟღერებენ ხოლმე, ოღონდ ახლა უფრო შეფარვით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.