პარლამენტში ალექსანდრე ქართველის გარდაცვალების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მხარდაჭერით, დღეს პარლამენტში, „ალექსანდრე ქართველის“ საზოგადოების მიერ ორგანიზებული ავიაკვირეულის ფარგლებში გამოჩენილი ქართველი ავიატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის), გარდაცვალების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
„ალექსანდრე ქართველი იყო უნიჭიერესი ადამიანი, რომელმაც ავიაკონსტრუქციაში ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ მოახდინა რევოლუცია. მის მიერ შექმნილი კონსტრუქციები დღემდე აქტუალურია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში გამოიყენება “, – აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
საერთაშორისო საზოგადოება „ალექსანდრე ქართველის“ პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს ქართველი ავიატორის ბიოგრაფია გააცნო და მის მიღწევებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. მან ვრცლად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციაში ალექსანდრე ქართველის როლზე.
„ჩვენი საზოგადოება ზრუნავს, იკვლევს და პოპულარიზაციას უწევს მსოფლიოში ცნობილი ავიაკონსტრუქტორისა და ავიაინჟინრის, ამერიკელი-ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე ქართველის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ინტელექტუალურ-სამეცნიერო მოღვაწეობას. საზოგადოების პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.|
„ვგეგმავთ „ალექსანდრე ქართველის“ სახელობის მუზეუმის დაარსებას და მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი მოდელის საქართველოში საექსპოზიციოდ ჩამოტანას, რომელიც სწორედ ამ მუზეუმთან განთავსდება“, – აღნიშნა ქართველმა. მისივე ინფორმაციით, ავიაკვირეული საქართველოში წელს პირველად ტარდება, რომელიც გამოჩენილი ქართველის დაბადების დღეს, 9 სექტემბერს ავიაშოუთი გაიხსნა და 19 სექტემბერს, ქართული ავიაციის დღეს დაიხურება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.