ბექა დავითულიანი: იმ კომუნიკაციების მქონე სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დეზინფორმაცია – საკანონმდებლო ჩარჩო უნდა არსებობდეს
მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა.
„იმ კომუნიკაციების მქონე სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დეზინფორმაცია. საკანონმდებლო ჩარჩო, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს, რომელიც იცავს მოქალაქეს, ადამიანს დეზინფორმაციისგან, თუმცა, აქ არის ბეწვის ხიდზე გასასვლელი, ერთის მხრივ არ დააზიანო სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიის ინტერესები, ადამიანის საარსებო გარემო და არ შეულახო პატივი და ღირსება. ამიტომ, უნდა ვიაროთ გატკეპნილი გზით, რასაც დასავლური ინსტიტუციები აკეთებენ ამ მიმართულებით, ვეცადოთ, იმ გზით გავიაროთ ჩვენც“, – აღნიშნა დავითულიანმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსში განაცხადა: „გლობალური ბიზნეს საზოგადოებისთვის, მთავარი საზრუნავი მომავალ ორ წელიწადში არის არა კონფლიქტი ან კლიმატი, არამედ დეზინფორმაცია, რომელსაც თან მოსდევს პოლარიზაცია ჩვენი საზოგადოებების შიგნით“.