პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელ Რობერტ მაერსკ უგლას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში APM Terminals-ის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ მაერსკ უგლასთან საქართველოში კომპანიის მუშაობის დინამიკა განიხილა. მხარეებმა სამომავლოდ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, მნიშვნელობაზე. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის” სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით არის გაზრდილი.

დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. კომპანია დაფუძნებულია კოპენჰაგენში. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. მათ შორის ის საქართველოში შვილობილი კომპანიის – APM Terminals-ის მეშვეობით ოპერირებს. კომპანია Maersk-ში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.

Maersk-ის  შემოსავალი 81,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2023 Forbes Global 2000-ში Møller-Maersk-ი დასახელდა 174-ე უმსხვილეს საჯარო კომპანიად მსოფლიოში. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია და უდიდესია ფლოტის სიმძლავრის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები