ბრიტანელმა ისტორიკოსმა სიმონ მონტეფიორემ ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პარტნიორი პროდიუსერების ორგანიზებით, თბილისს ბრიტანელი ისტორიკოსი, მსოფლიოში ისტორიული პროზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი სიმონ სებაგ მონტეფიორე სტუმრობს.
კინოცენტრის ხელშეწყობით, შეხვედრა მწერალთა სახლში გაიმართა და მას კინოს, ლიტერატურისა და მუზეუმების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია და საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე.
საუბარი შეეხო ავტორის შემოქმედებას, დოკუმენტური პროზისა და ლიტერატურული ნაწარმოების კინოადაპტირების ხერხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
„ცნობილი ავტორი როგორც ლიტერატურულ, ისე სატელევიზიო და კინოწრეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი საქართველოში ვიზიტის მიზანია საკუთარი შემოქმედებისა და სახელოვნებო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების აუდიტორიისთვის გაზიარება.
სიმონ სებაგ მონტეფიორის წიგნები მსოფლიოს ბესტსელერებად იქცა. მისი ნაწარმოებები 34 ენაზეა გამოცემული. ისტორიული წიგნი „ეკატერინე დიდი და პოტიომკინი“ სემუელ ჯონსონის, დაფ კუპერისა და მარშის პრემიებზე იყო წარდგენილი.
1990-იან წლებში, როგორც ჟურნალისტი, ბევრს მოგზაურობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. სხვა ნაწარმოებების გვერდით მან შექმნა წიგნების სერია სტალინის შესახებ“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ.