მთავარია პოლონელი გადამზიდავები უკრაინის საზღვრის ბლოკირებას მარტამდე დაასრულებენ

პოლონეთის მთავრობასთან შეთანხმებით, გადამზიდავები, რომლებსაც უკრაინასთან საზღვრის სამი საგუშაგო აქვთ ბლოკირებული, პროტესტს 1-ელ მარტამდე შეწყვეტენ.

ამის შესახებ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დარიუშ კლიმჩაკმა განაცხადა.

კლიმჩაკის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკმაყოფილო გადამზიდავებთან ხელშეკრულება გააფორმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არ ნიშნავს დიალოგის დასრულებას, არამედ „ინტენსიურ მოლაპარაკებებს“.

“ეს პროტესტი გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკისა და საშინაო პოლიტიკის ბევრ სფეროზე. საკითხების სირთულემ განაპირობა ის, რომ მოლაპარაკებები და მუშაობა ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. პროტესტი 1-ელ მარტამდე დასრულდება”, – განაცხადა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ დაიწყება კონსტრუქციული მოლაპარაკებები, რომლებიც, სავარაუდოდ, კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.

„წინ ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.

პროტესტის ლიდერმა რაფალ მეკლერმა პირობა დადო, რომ “დაბრუნდება საზღვარზე”, თუ გამოსავალი არ მოიძებნება. მან დასძინა, რომ აქციის მონაწილეთა მთელი ინფრასტრუქტურა – კონტეინერები და მისაბმელები – საზღვარზე რჩება.

პოლონელ გადამზიდავებს საზღვარი ნოემბრიდან აქვთ ბლოკირებული. მათი მოთხოვნაა, რომ უკრაინელი გადამზიდავებისთვის კომერციული გადასახადები დაწესდეს, რადგან მათი გაუქმება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები