ზელენსკი დავოსში სტოლტენბერგს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში დღეს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერება განიხილა.
გარდა ამისა, მათ განიხილეს ვაშინგტონში ნატოს შემდეგი სამიტის მომზადება.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ელოდება, ვაშინგტონის სამიტზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანას ნატოში გაწევრიანებასთან დააახლოებს.
ასევე, აღინიშნა უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.
ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პრეზიდენტი შვეიცარიაში 16 იანვარს ჩავიდა და უკვე გამართა მოლაპარაკებები ქვეყნის პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან.