კულტურის სამინისტრო ივანე (ვანო) იანტბელიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს
კულტურის სამინისტრო საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ივანე (ვანო) იანტბელიძეს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.
„ვანო იანტბელიძემ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1975 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან თელავის სახელმწიფო თეატრში შეუდგა შემოქმედებით საქმიანობას და, იმთავითვე, თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა. იგი, რამდენიმე სეზონის მანძილზე, სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით, სათავეში ედგა თეატრს. ვანო იანტბელიძემ და მისმა სცენურმა პარტნიორებმა, თანამოაზრე რეჟისორებთან ერთად, გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი ხანა შექმნეს თელავის სახელოვანი თეატრის ისტორიაში.
ვანო იანტბელიძის შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ხარიტონი (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), ლეო ვანელი (ლ. როსებას „სეზონის გახსნა“), პაპა გიორგი (გ. დოჩანაშვილის „თავფარავნელი ჭაბუკი“), ფერდინანდი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ბატონი დევი (ლ. თაბუკაშვილის „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“), ჯინი („ალადინი“), ლომი, მეფე (თ. ჭილაძის „მშვიდობით ლომებო“) და სხვა.
1986 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება; ხოლო ვასიკოს როლის შესრულებისათვის სპექტაკლში „ნახვის დღე“ (თ. ჭილაძე) საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა; ამასთან, სპექტაკლებში „ალალე“ (რ. ინანიშვილი) და „ჰენრიხ IV“ (ლ. პირანდელო) შესრულებული მთავარი როლებისთვის (1987 და 1993 წლებში) საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემიის ლაურეატი გახდა.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „სევდიანი საყვირი“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „ხიზნები“ და სხვა. 2006 წელს, ფილმში „ორი ხევსური“ განსახიერებული პერსონაჟისთვის, მიღებული აქვს მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო გულითადად ულოცავს ვანო იანტბელიძეს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებულ საქმიანობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.