“ყველას შეუძლია, რაღაც პერიოდში იმსახუროს და შემდეგ გათავისუფლდეს, მით უმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს” – ირაკლი ქადაგიშვილი კეკელიძის გათავისუფლებაზე
“ყველას შეუძლია, რაღაც პერიოდში იმსახუროს და რაღაც პერიოდში პოზიციიდან იქნეს გათავისუფლებული, მით უმეტეს, ადამიანს არავინ არც შეურაცხყოფით, არც „მგლის ბილეთით“ ან ამდაგვარი მოტივაციით არ უშვებს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც სამოქალაქო პოზიცია გაგვაჩნია, ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ სტატუსქვო აბსოლუტურად ხელშეუხებელი უნდა იყოს, ეს მგონი არის სპეკულაცია. „პოლიტიკური მიზნებით გაუშვეს“- ეს არის ოპოზიციის ნარატივი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება გათავისუფლებული იქნას ან აღარ მუშაობდეს, გამოყენებული იქნება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა და უთხრა, რომ უნდა წავიდეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მუშაობდა და განახლების დროა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“.