ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციების მონიტორინგთან დაკავშირებით, საქართველო თანამშრომლობს ამერიკის, ევროკავშირისა და ინგლისის სამსახურებთან, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სანქციების მონიტორინგთან დაკავშირებით, საქართველო მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმშია ამერიკის, ევროკავშირისა და ინგლისის სამსახურებთან.
მანვე აღნიშნა, რომ, ამ თვალსაზრისით, საქართველო თავის საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს.
„რა მუცლის გვრემა აქვს ოპოზიციას? მათ აწუხებთ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთელ მსოფლიოში კარგი რენომე აქვს, განსხვავებით, მათ შორის სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთში ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორები გახდნენ. ეს რას ნიშნავს? ესტონეთსა და ლატვიას სანქციების გვერდის ავლით ფრანგული და იტალიური ღვინოები შეაქვთ, რაც რეალობაა. ოპოზიცია ქართული წარმატების წინააღმდეგია და მუდამ ამის გადაფარვას ცდილობენ. ოპოზიციას ესმის, რომ საქართველოში ვიდრე სტაბილური წინსვლა და ეკონიმიკური განვითარებაა, ეს სოციალურ ფონს აუმჯობესებს და ცდილობენ, ქვეყანა რამენაირად ჩაკეტონ ეკონომიკურად, ჩიხში მოაქციონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.