რატი იონათამიშვილი: პარტია „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ ვითარებაში აყენებს
მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი “საქართველოსთვის” ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილების განხორციელებას გულისხმობს.
“პარტია „საქართველოსთვის“ გუნდს საპრეზიდენტო ცვლილებებზე საუბარი კურიოზულ სიტუაციაში აყენებს, თუ საერთოდ ეს გუნდი არსებობს.
ეს ხალხი სად შეხვდა ახალ წელს? მათი პირველი განცხადება და თან მსგავსი ინიციატივა ნიშნავს, რომ იდეების კრიზისი აქვთ. ახლა ცდილობენ, კრიზისი არ შეიმჩნიონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით, საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.