“როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საპროგნოზო 7%-იან დონეზე გავა” – გიორგი ცუცქირიძე
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საპროგნოზო 7 %-იან დონეზე გავა. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საპროგნოზო 7 %-იან დონეზე გავა.
ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.9 % შეადგინა, რაც ,მართალია, ნაკლებია ოქტომბრის წინასწარ შეფასებაზე (6.2%), სამაგიეროდ მეტია მესამე კვარტლის შედეგზე, რაც 5.7 % იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ ორ კვარტალში ზრდამ შესაბამისად 8 % და 7.8 % შეადგინა, მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი მინიმუმ 6.2 % რომც იყოს, წლიური ზრდა 7 % იქნება. ნიშანდობლივია, რომ წლის დასაწყისში ზრდის საპროგნოზო შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მხრიდან გაცილებით დაბალი 4-5 % ის ფარგლებში იყო.
მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდაზე გარკვეულწილად ნეგატიურად იმოქმედა საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებამ, რაც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, დიდწილად საქონლის ექსპორტის შემცირებამ (რეექსპორტი გარეშე), რაც ძირითად საექსპორტო პროდუქციის ნაწილზე მსოფლიო ფასების შემცირებით არის გამოწვეული(სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფერადშენადნობები და აზოტოვანი სასუქებია). აქვე აღვნიშნავ, რომ საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 თვის მიხედვით გაზრდილია 14.7 %-ით, ხოლო ექსპორტი 11 %-ით.
თუმცა, ამავდროულად ზრდის დინამიკაზე პოზიტიურად მოქმედებს რეექსპორტი, რომელიც გაიზარდა ნოემბერში მთელი 50 %-ით, ხოლო იანვარ-ნოემბერში 41 %-ით, რაც შუა დერეფნის ფუნქციონალური დატვირთვის ზრდით არის მნიშვნელოვანი პერსპექტივაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია მომსახურების ექსპორტი, სადაც შედის ტურიზმი, რომელიც პროგნოზული შეფასებით, წლის ბოლოს გადააჭარბებს 6 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება 4.4 მილიარდი აშშ დოლარით.
ამ მონაცემებითაც ჩანს, რომ საქონლის ექსპორტში გვჭირდება გაცილებით მეტი დივერსიფიკაცია სასაქონლო ასორტიმენტის გაფართოებით და ახალ პერსპექტიულ ბაზრებზე გასვლით, ამასთან, მომსახურების ექსპორტი ატარებს უახლოეს წლებში მზარდი ზრდის პერსპექტივას რეექსპორტთან ერთად, რასაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან ერთად უკვე მომავალ წელს გაწევრიანების პროცედურაზე გადასვლა იძლევა. ეს არის უფრო მეტი ინვესტიციების და ტურისტის მოზიდვა ევროკავშირის ქვეყნებიდან. რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ქვეყანას ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრით(საგარეო ვალი, საგადამხდელო ბალანსი, ბიუჯეტის დეფიციტი, ინფლაცია) აქვს უკეთესი მდგომარეობა ვიდრე 2019 წელს ჰქონდა, ანუ კრიზისამდე პერიოდზე, ხოლო მშპ 2019 წელთან შედარებით 2023 წლის ბოლოსთვის გაიზრდება მიმდინარე ფასებში ლარში, 49.27 მლრდ ლარიდან 78 მლრდ ლარამდე ანუ 59 %-ით, ხოლო აშშ დოლარში მიმდინარე ფასებში გაიზრდება 17.47 მლრდ აშშ დოლარიდან 33 მლრდ აშშ დოლარამდე, ანუ 86 %-ით, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში 6200 აშშ დოლარიდან 8800 აშშ დოლარი იქნება, ხოლო მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით(ppp) 24 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ჩვენ უკვე ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის 9 კანდიდატიდან 5 ქვეყანას. ბოლო სამი წლის მანძილზე 2020 წლის 6.8 %-იანი ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის ასეთი სწრაფი ტემპით გაჯანსაღება, მთავრობის მხრიდან გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს და ნაკლებად ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკის შელამაზებულ ციფრებზე მუდმივად აქცენტირებაზე“, – წერს ცუცქირიძე.