გოგიტა თოდრაძე: საფინანსო სექტორში ზრდა კომერციულ ბანკებში საპროცენტო შემოსავლების მატებამ განაპირობა

საქსტატის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, საფინანსო სექტორში ზრდა კომერციულ ბანკებში საპროცენტო შემოსავლების მატებამ განაპირობა.

„მშენებლობის სექტორს რაც შეეხება, აქ ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, როგორიცაა ხიდების, გზების და გვირაბების მშენებლობა. ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებებით. გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებლები.

რაც შეეხება პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს, აქ ზრდა დაკავშირებული იყო სარეკლამო საქმიანობების, ასევე არქიტექტურული საქმიანობების მომსახურების ზრდასთან. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, უპირველეს ყოვლისა, ის გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში. აქ კლება დაკავშირებული იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად ქიმიური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან, ასევე 22%-ით არის აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირებული. ასევე შემცირებულია სასმელების წარმოების მოცულობა და ეს აისახა ექსპორტზეც. წინა წელთან შედარებით, ნოემბერში 53%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი და 52%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებლები. ენერგეტიკაში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო თბოსადგურების გამომუშავების კლებასთან, რადგან 27%-ით არის შემცირებული თბოსადგურების გამომუშავება. კლება არის ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში, ამ მიმართულებით კლება ძირითადად დაკავშირებულია დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების მომსახურების კლებასთან“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა, 11 თვეში კი, მშპ-ს ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები