რუსუდან ჯაფარიძე: აქამდე ბალდის კანიონზე ვიზიტორები ველურ პირობებში მიგვყავდა

ბალდის კანიონის პროექტს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ. მათი შეფასებით, ეს პროექტი ქვეყანას სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით წინ წასწევს და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად აისახება.

როგორც საქართველოს გიდების ასოციაციის წევრმა, რუსუდან ჯაფარიძემ აღნიშნა, აქამდე ტურისტები ბალდის კანიონის სრულფასოვნად დათვალიერებას ვერ ახერხებდნენ, პროექტის განხორციელების შემდეგ კი, ეს შესაძლებელი გახდება.

„ძალიან პერსპექტიული პროექტია და ძალიან მომეწონა. ყველაფერი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის კეთდება, ჩვენთვის, ტურიზმში დასაქმებულებისთვის ნიშნავს იმას, რომ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ტურების შეთავაზება შეგვიძლია სტუმრებისთვის.

აქამდე კანიონზე კერძო მოსახლის ტერიტორიიდან შევდიოდით. ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი გაუმართავი იყო და ვიზიტორები ველურ პირობებში მიგვყავდა. კანიონი იმდენად ლამაზია, ტურისტებს მაინც მოსწონდათ, თუმცა, მხოლოდ მის მცირე ნაწილს ხედავდნენ,“ – აღნიშნავს რუსუდან ჯაფარიძე.

მისივე აზრით, პროექტის განხორციელების შემდეგ ბალდაშიც და ზოგადად, მთელ რაიონში ტურისტები ღამის გასათევად უფრო აქტიურად გაჩერდებიან და ადგილობრივი სერვისებით ისარგებლებენ.

„მარტვილის რაიონს მნახველები არ აკლია, მაგრამ თუ აქამდე გავლით მოვდიოდით და გზას ქუთაისისკენ ან ბათუმისკენ ვაგრძელებდით, პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გახდება ადგილი, სადაც ღამისთევაც იქნება შესაძლებელი. რაც უფრო მეტია ლოკალურად საინტერესო ობიექტი, ის ადგილი ღამის გასათევად მით უფრო პოპულარულია. შესაბამისად, კიდევ ბევრი მსგავსი ლოკაციის შექმნა აქ ძალიან საინტერესო იქნება,“ აცხადებს რუსუდან ჯაფარიძე.

ბალდის კანიონის პროექტი  კომპანია „კანიონი 350“ მიერ ხორციელდება. კომპანიას ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილი – 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთი – 40-წლიანი იჯარით, კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, ასევე 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო. აქ იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში.  ასევე, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში,  სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები