ჯუანშერ ბურჭულაძე: ძალიან წარმატებული ბოლო 3 წელი გვქონდა
„ჩვენ ძალიან წარმატებული ბოლო 3 წელი გვქონდა. ის შედეგი, რომელსაც ამ 3 წელიწადში მივაღწიეთ, ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო. ის, რომ ჯარში წელს მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ 1600 სამხედრო მოსამსახურე არის წარმოუდგენელი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იქნება.
„იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც დავდეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, რომელსაც თავდაცვის ძალებში ეტაპობრივად მივიღებთ, შევძლებთ რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით. დამატებით, საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელს გვქონდა პირველი წელი, როცა თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან მიიღო დახმარება საინჟინრო, ლოჯისტიკური და სხვა საშუალებების გასაძლიერებლად. პარალელურად, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული არის ადგილობრივი წარმოება. თუ ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმეწლიანი ჩამორჩენა, წარმოება გავზარდეთ 2-3-ჯერ და უკვე არანაირი შეფერხება არ გვაქვს. არსებული მოთხოვნა სრულად კმაყოფილდება 1 წლის ჭრილში“, – განაცხადა მინისტრმა.