ილია დარჩიაშვილი: აუცილებლად მოვახერხებთ, რომ საქართველო გავხადოთ სრულუფლებიანი წევრი ევროპული ოჯახის
“ჩვენ არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში მივისწრაფვით, არამედ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბრიუსელიდან თუ ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქალაქიდან საქართველო იყოს მიმზიდველი”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იქნება.
„ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამოწვევებით სავსე კომპონენტი ამ პროცესში იყო დეზინფორმაცია, როგორც გარე, ისე ქვეყნის შიგნიდან წასული დეზინფორმაცია, რომელიც ნამდვილად აზიანებდა ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. კრიტიკა ნორმალურია, დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკა ყველგან არსებობს, აქ საუბარია მავნებლურ პოლიტიკაზე, გზავნილებზე, რომელიც აზიანებდა საქართველოს ევროინტეგრაციას და ჩვენ ეს ბევრჯერ მოვისმინეთ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, თუმცა, გლობალურ ჭრილში დეზინფორმაციასთან ბრძოლა მარტო საქართველოს გამოწვევა არ არის, ეს არის გლობალური გამოწვევა. ყველა ქვეყანა, გლობალურად ებრძვის ამას, შესაბამისად, ჩვენც გვაქვს ეს პრობლემა. ეს არის ერთ-ერთი საკითხი იმ ცხრა პუნქტის, რომელიც გაცემულია ევროკომისიის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ ცალსახად ჩვენს გეგმაში ავსახეთ, თუ როგორ ვხედავთ ამას. საქართველოს მთავრობამ ძალიან ფორსირებულად დაამტკიცა სტრატეგიული კომუნიკაციების დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფოკუსირებული იქნება და მისი ერთ-ერთი მდგენელიც არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა, გენერალურ ჭრილში. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ გვაქვს შესაბამისი მექანიზმები, ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუშაობს ცნობადობის ამაღლებაზე და იმ სიკეთეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც მოაქვს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. შესაბამისად ჩვენ, შიდა სტრუქტურულ ცვლილებებსაც გავაკეთებთ სამინისტროში და გვაქვს გეგმა, რომ გავაორმაგოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთან კომუნიკაციასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები. ჩვენ ძალიან მოქნილად ვხვდებით ამ რეკომენდაციას და მომავალში გავაგრძელებთ საქართველოს ინტერესებზე მორგებულ რეფორმების პოლიტიკას, რადგანაც ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა. ჩვენ არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში მივისწრაფვით, არამედ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბრიუსელიდან თუ ნებისმიერი ევროკავშირის წევრი ქალაქიდან საქართველო იყოს მიმზიდველი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გავაგრძელოთ. ეს რეფორმები პირველ რიგში არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, საზოგადოებისთვის და აუცილებლად ამ გზით მოვახერხებთ, რომ საქართველო გავხადოთ სრულუფლებიანი წევრი ევროპული ოჯახის“,- განაცხადა მინისტრმა.