სარჯველაძე – ხაზარაძის განცხადებაზე: მარკეტინგს თავი უნდა დაანებონ და რეალურად დისკუსიაში შემოვიდნენ კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით
მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“სამწუხაროდ, ოპოზიციაში პოლიტიკოსებს ახასიათებთ გაუთავებელი მცდელობები პოლიტიკაში ადგილის ძიებისა. ყველა კარგად ხვდება, რომ როდესაც საუბარია ახალ სახეებზე და შეთავაზებულია ისევ ძველი სახეები, რასაკვირველია, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მორიგი ფარსი და უბრალო მცდელობა, რომ რაღაც ფორმით ყურადღება მიიქციონ.
უმჯობესია საზოგადოებას კონკრეტული არგუმენტებით ესაუბრონ და სულაც არ არის აუცილებელი ამისთვის დაყოფა და დიფერენცირება ძველი მენტალიტეტის, ახალი მენტალიტეტის და ა.შ. მარტივად დგას საკითხი, მარკეტინგს თავი უნდა დაანებონ და რეალურად დისკუსიაში შემოვიდნენ კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ქართველი ადამიანის, მოქალაქეების და ადამიანის უფლებები სულ რაღაც უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით, ვისზეა საუბარი. არაფრით არ შეიძლება მათი მოშვება ხელისუფლებაში. ამიტომ, ეს ორი ძველი პარტია და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ, პარტია „ლელო“.