სტუდენტის სახლში, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტში 14 ადამიანი მოკლა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს
ჩეხეთის სოფელ გოსტუნში, სახლში, სადაც 24 წლის სტუდენტი ცხოვრობდა, რომელმაც კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში ცეცხლი გახსნა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.
ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელმა, იან დანეკმა განაცხადა, – იტყობინება Radio Prague International-ი.
მისი თქმით, ნაპოვნია ასევე გაზის ბალონები ღია სარქველებით. ვარაუდობენ, რომ სტუდენტი სახლის აფეთქებას აპირებდა.
კარლის უნივერსიტეტში მასობრივი სროლა 21 დეკემბერს მოხდა, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – თავად ბოროტმოქმედი, 24 წლის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.
ყველა დაღუპული ჩეხეთის მოქალაქეა.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სტუდენტი ასევე კავშირშია რამდენიმე მკვლელობასთან, რომელიც ამავე დღეს მოხდა. კერძოდ, სტუდენტმა, სავარაუდოდ, საკუთარი მამა მოკლა და პრაღის გარეუბანში ორი ადამიანი.
პოლიცია მსროლელის მოტივს არ ასაჯაროებს, ამასთან – უარყოფს მის რაიმე შესაძლო კავშირს ტერორისტულ ჯგუფებთან.