“პრემიერის ანგარიშში კარგად გამოჩნდა ის ძალისხმევა, რომელიც მთავრობამ გასწია, რათა თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე სწორი პასუხები იყოს გაცემული” – თამილა ბარკალაია

პრემიერის ანგარიშში კარგად გამოჩნდა ის ძალისხმევა, რომელიც სახელმწიფომ და მთავრობამ გასწია იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე სწორი პასუხები იყოს გაცემული; მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ “კვირასთან” საუბარში განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი, მთავრობის საქმიანობის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ის პროგრესი დაანახა, რომელიც სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით აქვს.

“ვფიქრობ, პრემიერმა კარგად დაანახა საზოგადოებას ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების ხელმიდაწვდომობასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული და მისი სოციალური საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. პრემიერმა სწორად გამოყო ის პრიორიტეტული ჯგუფები, როგორიც არის ბავშვები და შშმ პირებისა და პენსიონერების მიმართ პოლიტიკა, რაც გაზრდილ სოციალურ პაკეტში აისახება”, – აღნიშნა მან.

თამილა ბარკალაიამ “კვირასთან” გაზრდილ პენსიებსა და სოციალურ პაკეტებზე ისაუბრა და განმარტა, რა გზით მიედინება სოციალური მიმართულებით გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები.

როგორც პრემიერმა ანგარიშში აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური გასაცემელი არის ხანდაზმულთა პენსიის გასაცემელი. ყოველწლიურად ხანდაზმულთათვის პენსია არის გარანტირებულად მზარდი, შესაბამისად, მომავალ წელსაც იზრდება პენსია, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის 20 ლარით, ხოლო 7- წელს ზემოთ- 50 ლარით. 835 000 პენსიონერი არის საქართველოში, რომელიც პენსიას იღებს და 3 მილიარდ 930 მილიონი არის 2024 წლის ბიუჯეტში ჩადებული, რაც არის მნიშვნელოვანი ზრდა. პარალელურად, მაღალმთიან რეგიონებში დამატებით 20% არის პენსიონრებისთვის. ვფიქრობ, პენსიონერებს ეს სიახლე ხელს შეუწყობს, რომ მათი საჭიროებები კიდევ უკეთ იყოს დაკმაყოფილებული.
ასევე, გაიზარდა შშმ პირების სოციალური პაკეტი. ამ მიმართულებითაც 2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, სადაც ინდექსირდა შშმ პაკეტი, შესაბამისად, გარანტირებული ზრდა უკვე კანონით არის უზრუნველყოფილი. დაახლოებით, 130 000 შშმ პირი არის, რომელიც სოციალურ პენსიას იღებს, აქედან 15 000 ბავშვია. 2024 წელს შესაბამისი ზრდა აღნიშნულ პაკეტშიც იგეგმება.
აქვე მინდა, აღვნიშნო, შშმ პირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პაკეტი გასაცემელის გარდა არის, სოციალური სერვისები და სერვისების ხელმისაწვდომობა, ეს პროგრამა არის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 2023 წელს სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 66 მილიონი იყო, მომავალ წელს 10 მილიონით იზრდება და 76 მილიონი იქნება. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2011 წელს აღნიშნული პროგრამას 11 მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა, 2018 წელს კი – 28 მილიონი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, სახელმწიფოსთვის რამდენად პრიორიტეტულია არა მხოლოდ სოციალური გასაცემლის უზრუნველყოფა და ზრდადობა, არამედ, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

ერთ-ერთი ყველაზე მხარდაჭერითი პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ფულად ბენეფიტებს გასცემს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ამ მიმართულებითაც გაიზარდა ბიუჯეტი. ამ პროგრამაში მიმღებთა რაოდენობა 640 ათასია, აქედან 230 ათასი არის ბავშვი. ამ
სოციალური გასაცემლების მიზანი არის ბავშვიანი ოჯახების მოცვის გაუმჯობესება. მაშინ, როდესაც ბავშვის ბენეფიტი წლიდან წლამდე იზრდება, 2022 წელს 50 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, 2023 წლიდან კი 200 ლარი გახდა, პარალელურად, ჩვენ იმისთვის, რომ უფრო ბევრი ბავშვი მოგვეცვა, იმ ქულის ზღვარი გაიზარდა, რომელიც ამ ბენეფიტის მიღებას განაპირობებდა. ეს არის მთავრობისა და პრემიერის მიზნობრივი გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ბავშვის საჭიროება იქნეს დანახული და ბენეფიტი ბავშვებამდე მივიდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ
მიმართულებით მუშაობას და რესურსების მობილიზებას”, – აღნიშნა თამილა ბარკალაიამ.

რაც შეეხება დასაქმების პროგრამას, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ სოციალური პაკეტი და მიზნობრივი პროგრამები სიღარიბის დაძლევისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი დასაქმებას ვერ ჩაანაცვლებს.

“მიზნობროვი პროგრამა და ნებისმიერი სოციალური პაკეტი დასაქმებას ვერ ჩაანაცვლებს, იმ პირობებში, როცა სოციალური დახმარების მიმღებთა 45% არის შრომისუნარიანი მოსახლეობა, ბუნებრივია, დასაქმებას კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი მიენიჭა.

სწორერ ამიტომ, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა გასულ წელს და უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი, უმუშევარი მოქალაქეების საზოგადოებრივ საქმეზე დასაქმება.
ამაზე მეტყველებს დასაქმების სააგენტოს სტატისტიკაც, რომლის თანახმად საზოგადოებრივ საქმეებზე დასქმებულთა რაოდენობა არის მზარდი, წლევანდელი მონაცამებით, 33 ათასი მოქალაქე არის დასაქმებული. ასევე, მზარდია ღია შრომის ბაზარზე დასაქმება როგორც სოციალურად დაუცველების, ასევე, ზოგადად, სამუშაოს მაძიებლების.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მოქალაქეები მეტად დასაქმდნენ, ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი ვაკანსიის მობილიზება მოახდინოს, ამ დროისთვის 12 ათასამდე ვაკანტური პოზიცია არის მობილიზებული სხვადასხვა სექტორში და ამ ვაკანსიებს ვთავაზობთ სააგენტოში რეგისტირებულ დასაქმების მაძიებლებს”, – განაცხადა ბარკალაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები