გიგა ოთხოზორიას დედა: ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოს პრესტიჟისთვის არის ძალიან დიდი საქმე

2016 წლის მაისში ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოს პრესტიჟის საქმისთვის არის ძალიან დიდი საქმე. რუსეთს ჩვენ მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რომ ქართველი ადამიანის სისხლში გაისვარა ხელი და ამაზე პასუხი მოეთხოვება, ეს ძალიან დიდი საქმეა. მათ უნდა ჩაიხედონ გულში და თქვან, რომ საქართველოს ჰყავს თავისი ხელმძღვანელები, საქართველოს ჰყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, ესაა მთავარი, ახლა უკვე ჯერი საქართველოზეა, საქართველოს ხელისუფლებაზე, საქართველოს სამართალდამცავებზეა, აწი რამდენად უღირთ მათ ჩვენი ქვეყნის სახელი”, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე, დადგინდა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები